LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, მზერითი კონტაქტი ნაკლებია, ჟესტების გამოყენება და სოციალური ღიმილი იგვიანებს – მედეა ზირაქაშვილი აუტისტური სპექტრის სიმპტომებზე

58
medea

გადაცემის ლაივი LIVE

30 მარტს ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი სტუმრობდა, რომელმაც აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, სიმპტომებზე, დიაგნოსტიკასა და უახლეს კვლევებზე ისაუბრა.

-მედეა, პირველ რიგში, მადლობა მობრძანებისთვის. გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩვენ შარშანაც ვისაუბრეთ აუტისტური სპექტრის დარღვევაზე. მაინტერესებს, რა შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, როგორია უახლესი ინფორმაციები და სტატისტიკა?

-ნატა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს გადაცემას, რადგან ყოველ წელს ინტერესდებით ამ თემით, გვიწვევთ თქვენს გადაცემაში და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს გვაძლევთ შესაძლებლობას, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას აუტიზმის სპექტრის აშლილობის შესახებ  და კიდევ უფრო ავამაღლოთ მათი ცნობიერება. ზოგად სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, წინა წელს, თქვენს გადაცემაში სტუმრობისას, აღვნიშნეთ, რომ დაახლოებით 54 ადამიანში ერთს ჰქონდა აუტიზმის სპექტრის აშლილობა. 2021 წლის დეკემბერში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ახალი მონაცემები დადო, სადაც სამწუხაროდ, სავალალოდ მზარდი სტატისტიკაა სახეზე. კვლევის მიხედვით, დღეს 44 ადამიანში ერთს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. თუ ძველ და ახალ მონაცემებს შევადარებთ, საკმაოდ დიდია პროცენტული ზრდა. მზარდია მოთხოვნილება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებზეც და გარკვეულ სერვისებზეც. ითვლება რომ ბოლო პერიოდში გაცილებით უკეთ ხდება აუტიზმის სიმპტომების ამოცნობა და შესაბამისად დიაგნოსტირება გოგონებში, შესაბამისად, სქესთა ბალანსი გოგონებსა და ბიჭებს შორის აუტიზმის სპექტრით 4: 1.

-შესაძლოა, რომ შემთხვევების გამოვლენის გაუმჯობესების ფაქტორით იყოს გამოწვეული ზოგადი სტატისტიკის გაზრდაც?

-აუტიზმის სპექტრის აშლილობის გაზრდილი სიხშირიანობის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ უკეთესი დიაგნოსტირება ითვლება, მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ, კიდევ არის გარკვეული დამატებითი ფაქტორებიც,ერთერთად მოიაზრება სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ცვლილებებიც  რომლებიც შეიძლება ცვლიდეს ამ სიხშირიანობას.   სიხშირიანობის მატებასთან ერთად მატულობს პრევალენსიის ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი შეკითხვები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კვლევა მიმდინარეობს, ძალიან დიდი თანხები იხარჯება და ბევრი მეცნიერი კიდევ უფრო აქტიურად ერთვება ამ პროცესში.

ამერიკაში, სხვადასხვა შტატში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის გავრცელება შედარებით იშვიათია მისურის შტატში- 60- ში 1 (ან 1.7%), ხოლო ყველაზე ხშირია კალიფორნიაში 26-ში 1 (3.9%). კი ბატონო, ამ კვლევაშიც მეცნიერები საუბრობენ უკეთესი დიაგნოსტირების შესაძლებლობაზე , თუმცა პარალელურად მსჯელობენ მოსახლეობის უკეთეს ინფორმირებაზე, უკეთესი ცნობადობის ამაღლების კამპანიების არსებობაზე, რეაბილიტაციური სერვისების გაუმჯობესებაზე და მიმართვიანობის გაზრდაზე.

-როდესაც ბავშვს  მეტყველების შეფერხება აღენიშნება, მშობლებს მაშინვე აუტისტური სპექტრის დარღვევაზე უჩნდებათ ეჭვი. რა ტიპის პრობლემაა მეტყველების შეფერხება და აქვს თუ არა კავშირი აუტისტური სპექტრის დარღვევასთან?

-მოდით ასე ვთქვათ, ენის განვითარების შეფერხება, შეიძლება იყოს კარდინალური ნიშანი აუტიზმის  სპექტრის დარღვევის. ძალიან ხშირად, აუტისტური სპექტრის აშლილობას თან სდევს კომუნიკაციური დარღვევები. ჩვენ თუ ჩავხედავთ აუტიზმის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, მაგ. DSM 5-ში, ვნახავთ, რომ აუცილებელია, განისაზღვროს არის თუ არა აუტიზმის სიმპტომების პარალელურად ინტელექტუალური პრობლემები ან/და   ენისა და მეტყველების დარღვევები.

თუმცა, არსებობს ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხების ნიშნები ასოცირებული : ექსპრესული ენის შეფერხებასთან, რეცეფტული ენის შეფერხებასთან, არტიკულაციის პრობლემებთან, ინტელექტუალური ფუნქციონირების შეზღუდვასთან, ან უბრალოდ სახეზეა გვიან მოლაპარაკე ბავშვი( ე.წ Late talker) და ეს მდგომარეობები მოიაზრება აბსოლუტურად დამოუკიდებელ დიაგნოსტიკურ კატეგორიებად.

-თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები ბევრად მეტია ჩვენს პოპულაციაში, ვიდრე აუტისტური სპექტრის დარღვევები…

რა თქმა უნდა, ენისა და მეტყველების დარღვევების პროცენტული გავრცელება საზოგადოებაში გაცილებით უფრო მაღალია. ხშირად მოგვმართავენ მშობლები, როდესაც ბავშვი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, უმეტეს შემთხვევაში ამას გაჯეტებზე მიჯაჭვულობას უკავშირებენ, რაც რამდენად შეესაბამება სიმართლეს, საკითხავია. როდესაც ვსაუბრობთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, ასეთ დროს, ენის და მეტყველების შეფერხებას თან უნდა ახლდეს სხვა სიმპტომებიც.

აღსანიშნავია, რომ ქართულ პოპულაციაში გავრცელებული მცდარი შეხედულებაა, რომ ბიჭები გვიან იწყებენ ლაპარაკს. მარტივად უყურებენ, როდესაც ბიჭი აგვიანებს ლაპარაკის დაწყებას, რადგან ეს ბუნებრივი ჰგონიათ. ხშირად ამას ამართლებენ იმ არგუმენტითაც, რომ მისმა ბებიამ ან ბაბუამ ასევე გვიან დაიწყო ლაპარაკი. შეიძლება დიდ პრობლემად არ ჩათვალონ, თუ 2 წლამდე ბავშვი არ ამბობს სიტყვებს და დეფიციტურად გამოთქვამს მარცვლებს.  ძალიან მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ სიტყვების წარმოთქმამდე არსებობს კომუნიკაციის ძალიან ბევრი სხვა საშუალება, რომლითაც ბავშვები ეკონტაქტებიან აღმზრდელებს.

ბავშვის დაბადებიდან მალევე ჩვენ ველით, რომ მას ჰქონდეს  ადეკვატური უკუკავშირი ჩვენთან. პირველი,  ეს არის მზერითი კონტაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზერითი კონტაქტი იყოს აბსოლუტურად ინტერაქციული. დროთა განმავლობაში, ჩვენ ველით სოციალური ღიმილის წამოსვლას. დედის ღიმილს ბავშვმა ღიმილით უნდა უპასუხოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედის ხმაზე ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია, თავი გაატრიალოს, მზერა გადაიტანოს ერთი ადამიანიდან მეორეზე. დაახლოებით 12 თვიდან,  ბავშვმა უნდა დაიწყოს ჟესტების გამოყენება და ჩვენ ვიცით, რომ  ვერბალურ დეფიციტს ბავშვი ჟესტებით აკომპენსირებს. ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი სიხარულის შემთხვევაში, ბავშვი გამოგვხედავს, გაგვიღიმებს და მიგვანიშნებს ამის შესახებ. როცა აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვის ყურადღება აღმზრდელის მიმართ შედარებით შეფერხებულია, ცუდად ან არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, მზერითი კონტაქტი ნაკლებია, გაზიარების სურვილი არც თუ ისე აქტიურია, ან საერთოდ არ არის. ჟესტების გამოყენება და სოციალური ღიმილი იგვიანებს და წესით მეტყველების შეფერხებაზე შეშფოთებამდე, სოციალურ-კომუნიკაციური სფეროს დარღვევის ძალიან მნიშვნელოვან სიმპტომებს ვხედავთ. აღნიშნული სიმპტომები უნდა იყოს იმის წინა პირობა, რომ მშობელმა მიმართოს სპეციალისტს.

-როგორ ვიქცევით თუ არ არის ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და არის მხოლოდ მეტყველების დარღვევა?

ვიწყებთ  მუშაობას ენის განვითარების ხელშეწყობაზე:  მეტი ვერბალური კომუნიკაციით, ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვით, ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართვით ან/და მეტყველების თერაპიის სეანსების დაწყებით.

-ყოველთვის ერთად ახსენებთ ენასა და მეტყველებას. რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის?

-ძალიან მნიშვნელოვანი და რადიკალური განმასხვავებლები აქვთ ამ ტერმინებს. როდესაც ვსაუბრობთ მეტყველებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ბგერების ზუსტად და სიტყვაში სწორად წარმოთქმაზე; ენის განმარტებისას, ჩვენ ვგულისხმობთ  სიტყვების გამოყენებას წინადადებების ასაგებად , წინადადებების გამოყენებას ლაპარაკისა და სალაპარაკო ენის უფრო დიდი მონაკვეთების ასაგებად;  იმის გაგებას და გააზრებას, რას ამბობენ ადამიანები.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენის დარღვევებზე, ენის დარღვევების დროს შეიძლება მეტყველება  აბსოლუტურად ინტაქტური იყოს და პირიქით.

-როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი მიიტანოს აუტიზმზე, თუ ბავშვი ლაპარაკობს, განვითარებულია და სიმპტომები შეუმჩნეველია?

 -ახლა ისეთ შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რომელიც ძალიან სპეციფიკურია. რაც უფრო მსუბუქია დიაგნოზი, გაცილებით რთულია ამ დიაგნოზის დასმა და ბევრად მარტივი მძიმედ მიმდინარეობის დროს. ზემოთ მოყვანილი ფაქტების გასამყარებლად: თქვენ იცით,რომ შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემია ატარებს ეპიდემიოლოგიურ კვლევას აუტიზმის სპექტრის აშლილობის გავრცელების სიხშირის დასადგენად ქვეყნის მასშტაბით. 16 000 სკრინინგჩატარებულ და შემდგომ რისკ-ჯგუფებით გამოვლენილი,დიაგნოსტირებული 8-11 წლის ბავშვებში 75%-ში აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი ჩვენმა გუნდმა დასვა პირველად. აქ ზუსტად ვაწყდებით აუტიზმის სპექტრის აშლილობის შესახებ ცნობადობის პრობლემას, მთელს მსოფლიოში მიჩნეულია, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის შემთხვევაში ჩვენ სახეზე უნდა გვქონდეს რადიკალურად გამოხატული სიმპტომები. ფიქრობენ, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი არ კონტაქტობს, არ ლაპარაკობს, არ აქვს ემოცია, არ აქვს ინტერესი, არ ჰყავს მეგობარი, რეალურად ეს ასე არ არის. აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე ზუსტად იქიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ეს სპექტრი ძალიან ფართოა და მისი კლინიკური გამოვლინება ძალიან ვარიაბელურია. ჩვენ გვაქვს რადიკალური სიმპტომატიკა დაახლოებით 30 %-ში, მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკა დაახლოებით 25 %-ში, კიდევ უფრო მსუბუქი 10%-ში, რომლის დიაგნოსტიკასაც შეიძლება ითქვას, რომ „დიაგნოსტიკის ხელოვნება“ სჭირდება, ყველა სხვა დანარჩენი არის საშუალოდ გამოხატული აუტიზმის სპექტრის აშლილობა. სიმძიმის დონე ფასდება დამოუკიდებლობის ხარისხით, ანუ რაც უფრო ნაკლებ დახმარებას საჭიროებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი გარშემომყოფების მხრიდან, გაცილებით მაღალფუნქციურია ის( საუბრობს, აქვს 70-ს ზემოთ ინტელექტი, კარგია მისი ადაპტაციის ხარისხი). ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ ექსპრესული ენის განვითარებაზე და ცალკეულად გამოხატულ სიმპტომებზე, არამედ ძალიან აქტიურად ვისაუბროთ, სოციალურ-კომუნიკაციური უნარების მდგომარეობაზე.  ასეთ დროს ადამიანი ვერ აწარმოებს მოქნილ დიალოგს, აქვს წინადადებები, შეუძლია სასურველ თემაზე საუბარი, მაგრამ არ შეუძლია  შეკითხვებზე მოქნილი პასუხების გაცემა. როდესაც ვსაუბრობთ მაღალფუნქციურ აუტიზმზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არასწორია, თითქოს ამ ადამიანებს მეგობრები არ ჰყავთ, არ შეუძლიათ ემოციების გამოხატვა,  უბრალოდ აქ საუბარია თუ რა ხარისხით და რამდენად სრულყოფილად ახერხებენ ამას.მაგ.როდესაც ეკითხები ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი და რატომ გამოარჩიე სხვებისგან, პასუხი შეიძლება იყოს: იმიტომ, რომ მას  ვარდისფერი თმის სამაგრი უკეთია, იმიტომ რომ ხუთოსანი მოსწავლეა და ა.შ. აუტიზმით ადამიანები გამოირჩევიან თავისი  სპეციფიკური ინტერესებით. ძალიან ხშირად ამ ადამიანებს აქვთ შფოთვითი აშლილობის სიმპტომები, რომლებიც უფრო წამყვანია და მეტ დისკომფორტს უქმნის, ვიდრე მისი აუტისტური სიმპტომები. აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ძალიან უჭირთ ცვლილებები. რიგიდულები არიან და უყვართ რუტინისადმი დაქვემდებარება.

-რა ტიპის ტესტია „ადოსი“ და რა დროს ინიშნება?

-„ადოსი“- აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სკალა“ ეს არის აუტიზმის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი და ეყრდნობა  სტრუქტურირებულ გარემოში,  ბავშვზე დაკვირვებით მიღებულ შეფასების შედეგებს. ეს ტესტი ინიშნება მაშინ,როდესაც არსებობს ეჭვი აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე.ტესტს აქვს ძალიან მკვეთრად და მყარად გაწერილი კლასიფიკატორები, გამოხატული სიმპტომების სიმძიმის განმსაზღვრელი ქულობრივი ზღვრული მაჩვენებლები.ტესტი შედგება 5 მოდულისგან . მოდული განისაზღვრება ბავშვის სამეტყველო უნარებით, რაც უფრო განვითარებულია ენა და დიდია ასაკი მით უფრო მაღალი რიცხობრივი  მოდული ტარდება. საინტერესოა,რომ ადოსის ტესტის ჩატარება შესაძლებელია 12 თვიდან.  დაკვირვების წილი ადოსის ტესტში ძალიან მაღალია. ჩვენ ვაკვირდებით ბავშვების მზერით კონტაქტს, სოციალურ ინტერაქციას, ემოციების გამოხატვის შესაძლებლობას, მიმიკა-ჟესტებს, სტერეოტიპულ მოძრაობებს, ინტერესთა არეალს. რაც უფრო მაღალია მოდული, მით უფრო ხანგრძლივია ტესტი, რაც უფრო პატარაა მოდული, ხანგრძლივობაც გაცილებით მცირეა. თუ ბავშვი არ არის მოტივირებული საურთიერთობოდ, მშობლები ხშირად ამბობენ : ეძინება, სახლში თავის უნარებს გაცილებით უკეთ ავლენს, ახლა იმის ნახევარი არ გააკეთა, რასაც აკეთებს ხოლმე და ჩვენ ძალიან თამამად ვპასუხობთ, რომ ადოსის ტესტი აკონტროლებს და აფასებს მხოლოდ იმას, რასაც ხედავს კონკრეტულ სტრუქტურულ გარემოში, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში და კონკრეტულ დროში.

ადოსის ტესტის პარალელურად ტარდება სხვა დამატებითი ტესტები( ADI-R,WISC VINELAND) და კონსულტაციები და მხოლოდ მულტიდისციპლინური კლინიკური მსჯელობით ხდება დიაგნოზის დასმა ექიმი ფსიქიატრის მიერ.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვს მკვეთრად გამოხატული აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, არ აქვს კომუნიკაციის და სოციალური უნარები, მკვეთრად განსხვავდება თავისი ასაკის ბავშვებისგან, რა არის ასეთ დროს გამოსავალი?

-ჩვენ ასეთ შემთხვევაში მივმართავთ მთელ რიგ ღონისძიებებს. მულტიდისციპლინური გუნდის მთავარი ამოცანაა გაააუმჯობესოს ბავშვის შესაძლებლობები და გაზარდოს დამოუკიდებლობის ხარისხი, სოციუმში ჩართულობა. არის შემთხვევები როცა დასაწყისში ადოსის ტესტზე გვაქვს საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოხატული აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები, მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ამ სიმპტომების შემსუბუქება.

ადრეული ინტერვენცია, ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია, სენსორული თერაპია, აკადემიური თერაპია, ხელოვნებით თერაპია, ფიზიკური თერაპია, იმ თერაპიათა ჩამონათვალია, რაც დროთა განმავლობაში სჭირდება აუტიზმით ბავშვს,  ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიწყებთ ჩარევის და თერაპიის მთელ კასკადს, რადგან ჩვენ არ ვიცით რისი შესაძლებლობა აქვს განვითარებად თავის ტვინს,  არ ვიცით მთელი ეს პროცესი როდის გამოიღებს თავის შედეგს. ვისახავთ მოკლე და გრძელვადიან მიზნებს, მშობელთან და ბავშვთან ერთად იწყება თანაცხოვრება აუტიზმთან ერთად.

კვლევებით დადასტურებული ფაქტია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის გამოსავალი არის ძალიან ვარიაბელური, ისევე როგორც მისი მიმდინარეობა. ასეთი ბავშვების დაახლოებით 10% აღწევს ოპტიმალურ გამოსავალს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აბსოლუტურად ადეკვატურად ჩავრთოთ ასაკობრივ სოციუმში. 25%-ში სოციალურ-კომუნიკაციური უნარების მკვეთრ გაუმჯობესებას ვაღწევთ, შესაბამისად დამოუკიდებლობის ხარისხიც მაღალია. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტების 30%-ში უნარშეზღუდულობის ხარისხი ძალიან მაღალია და ასეთი ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ დახმარებას. მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს სერვისები შექმნას ადეკვატური დახმარების გასაწევად.

-საქართველოში, მკურნალობის ბევრი ალტერნატიული მეთოდია შემოთავაზებული, არის სხვადასხვა ტიპის ე.წ. სარეაბილიტაციო ცენტრებში, არის გარკვეული მედიკამენტები და ხშირად ტყუვდებიან ამით აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები.

 -როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქრონიკულ მდგომარეობებზე, ალტერნატიული თერაპიის მაძიებელი მშობლების რიცხვი გაცილებით მაღალია და ეს მსოფლიოში ცნობილი ფაქტია. მართალია რთულია გულანთებული მშობლის იმედების ჩახშობა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ მშობელს სწორი ინფორმაცია, სჯობს იმ მომენტში განიცადოს იმედგაცრუება, ვიდრე ფინანსური და ადამიანური რესურსი მოახმაროს არაფრისმომცემ აქტივობას. მშობელს ასეთ დროს თავადაც შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და სანდო წყაროებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოში ზოგიერთ ადგილას იყენებენ ლაბორატორიულ და საცდელ მეთოდებს. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია და ძალიან გულდასაწყვეტია ექსპერიმენტული მეთოდების ბავშვებთან გამოყენება. მაგალითად, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომელსაც არანაირი ევიდენსი დღეს არ აქვს. ჯერჯერობით ვერცერთ გაიდლაინს და პროტოკოლს ვერ ნახავთ სადაც შეტანილია მასზე ინფორმაცია. არსებობს თერაპიული მეთოდებიც, მაგალითად ხელატიზაცია, რომელიც FDA-მ აბსოლუტურად დამაზიანებელ თერაპიად გამოაცხადა, იყენებენ სხვადასხვა უეფექტო მედიკამენტებს,რომელთაც არანაირი ეფექტი არ გააჩნიათ. აუცილებელია,მშობელმა იკვლიოს მეტი, ეკონტაქტონ  პროფესიონალებს, გაეცნონ სანდო წყაროებს, მიიღონ ფაქტებზე გამყარებული ინფორმაციები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ საკუთარი  შვილების ბედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები