LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალკეული ანგარიშები ჩვენი სახელმძღვანელო ვერ გახდება, დავეყრდნობით ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებს – კობახიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე

101
Untitled design (1)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეხმიანება ევროპარლამენტის ახალ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაკისრი ვალდებულებების კუთხით საქართველომ უკან დაიხია.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ცალკეული ანგარიშები სახელმძღვანელო ვერ გახდება და  ყველა თემასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებსა და განცხადებებს დაეყრდნობიან.

კობახიძემ ასევე განმარტა, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს:

“ჩვენთვის მთავარია ევროკავშირის პოზიცია ყველა თემაზე და სახელმძღვანელო სწორედ ეს პოზიცია გახდება. ჩვენ ყველას ძალიან ნათლად ვუხსნით იმას, თუ რა იყო ამ კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველი და ჩვენს პარტნიორებს, ვისთანაც საუბარი გვაქვს, ძალიან კარგად ესმით, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული სანქციები საქართველოსთვის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების ოფიციალური პოზიცია და არა ცალკეული ანგარიშები, რომელსაც მათ შორის, შეიძლება კონკრეტული “ენჯეო” წერდეს. ამიტომ, ჩვენ დავეყრდნობით ოფიციალურ პოზიციებს”, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა ანგარიშის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია მედიასა და სასამართლოზე და აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას ხელი შეუშალა:

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ნათელი პოზიციები ყველა თემასთან დაკავშირებით, იგივე ეს ეხება სასამართლოს, სხვა სფეროს და ა.შ.

საქართველოში დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხია და, მათ შორის, ეს სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება და არამარტო სტატისტიკური მონაცემებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მყარი არგუმენტები გვაქვს. თუ ვინმეს ინტერესი ექნება მოისმინოს ეს არგუმენტები, რა თქმა უნდა, ამ არგუმენტებს გავუზიარებთ”, – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასებაზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რომელიც 2020-2022 წლებს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი იმ დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g