LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა – რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა

68
Untitled design

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციას საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

“საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმას.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში, განსაკუთრებით კი ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

პრესსამსახურის ცნობითვე, გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა:

“პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მეშვეობით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

magti 5g