4 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი სოფო ნიჟარაძე გახლდათ, რომელმაც ისრაელში გამართულ კონცერტსა და დედის ამპლუაზე ისაუბრა.
სოფო, ახლახან ისრაელში გქონდა გასტროლი. მაინტერესებს, როგორ დაგხვდნენ?
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი გასტროლი იყო. ძალიან საინტერესო საზოგადოება ვიყავით შეკრებილი, ძალიან კარგი და მრავალფეროვანი კონცერტი იყო. ხალხი, როგორც ყოველთვის, ძალიან პოზიტიური განწყობით და დიდი სიყვარულით შეგვხვდა, არაჩვეულებრივი დახვედრა იყო, ზოგადად, ძალიან თბილები და კარგები არიან. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისევ ვიდექი სცენაზე, არაჩვეულებრივი სიამოვნება მივიღე.
აღსანიშნავია, რომ „არ დაიდარდოს“ ოფიციალურ გვერდზე დაიდო ნაწყვეტი ამ კონცერტიდან და ზოგი წერდა, რა ემღერებათო, თუმცა მათ არ იციან, რომ ჩვენ, ყველა გამომსვლელი სიმღერებს უკრაინის ამბებს და უკრაინელებს ვუძღვნიდით…
რა თქმა უნდა, მეც მინდოდა ამის თქმა. ახლა, ისეთი რეალობაა, რომ ძალიან რთულია სიმღერაზე, გართობაზე და ა.შ. ილაპარაკო. აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რომ სიმღერა მხოლოდ გართობა არ არის და ეს ჩვენი პროფესიაა, ჩვენ ამით გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას, თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მე ახალი სიმღერის ჩაწერაც მრცხვენია, ახალი აქტივობის მრცხვენია, როცა ვიცი, რომ ამ დროს, როცა ჩვენ ნათელ ფერებში წარმოვჩინდებით, უკრაინაში ქალები, ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. წარმოუდგენელია, ასეთ დროს მუსიკაზე, სიმღერაზე იფიქრო, თუმცა როგორც აღვნიშნე, ეს ჩვენი პროფესიაა და ბევრი ამ ფორმით თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს. თითქმის ორი თვეა, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, იმედს ვიტოვებ, ეს საშინელება და დაუსრულებელი ბოროტება, ძალიან მალე სიკეთის გამარჯვებით დამთავრდება და შემდეგ კი მივუძღვნით მათ სიმღერებს, სიყვარულსაც გავუგზავნით და ჩვეულ რიტმში ერთად, მშვიდობიანად და ტკბილად გავაგრძელებთ ცხოვრებას.
როგორია დედის ამპლუაში ყოფნა?
თქვენთან რომ მელაპარაკა, ოთახში ჩავიკეტე. არ ვიცი, ეთერში ისმოდა თუ არა, მაგრამ კარზე მიკაკუნებდა და დედა, „საფო“ მეძახდა. უნდა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს და მის გარეშე არაფერი მოხდეს. დედობა არაჩვეულებრივი, ძალიან სასიამოვნო ამპლუაა, განსხვავებული მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ როგორც ადამიანი და როგორც შემოქმედი, ძალიან შემცვალა დედობამ. ყველაფერი შეიცვალა ჩემ ირგვლივ, პრიორიტეტები სხვანაირად დალაგდა. ახლა, პრიორიტეტული ჩემი შვილია და ყველაფერი მის გარშემოა.
ვიდეო: „ელის მარიას პირველი ეთერი“ – სოფო ნიჟარაძე საახალწლო კონცერტზე ქალიშვილთან ერთად გამოჩნდება