LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მაქვს დისკი, კასეტაც კი არ მქონია… მაქვს მხოლოდ ორი სოლო კონცერტის ჩანაწერი“ – ლიზა ბაგრატიონი

194
maxresdefault-6

31 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი გახლდათ, რომელმაც თავის მუსიკალურ და სატელევიზიო კარიერაზე ისაუბრა.

-ლიზა, პირველ რიგში, როგორ ხარ?

-გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ორი წელი გვქონდა, რომელიც ამ საშინელი ტრაგედიით „დაგვირგვინდა“, იმხელა შოკი და სტრესი მქონდა, ცოტა არ იყოს, ყველაფერი მიჭირდა, ახლა შედარებით უფრო მობილიზებული ვარ. მნიშვნელოვანია, არ შევეგუოთ ამ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება, ეს ყველას პრობლემაა, ყველას ომია და ყველა ერთსულოვანი უნდა ვიყოთ.

-მსმენელი ყოველთვის ელის თქვენს ახალ ნამუშევარს. არის სიახლე თქვენს შემოქმედებაში?

-ცოტა მერიდება კიდეც, იმდენად არაფერი არ ხდება. რეალურად, როცა მღერი, შენს ემოციას უზიარებ სხვას. ვერასდროს გახდები მსმენელისთვის განსაკუთრებით საყვარელი მომღერალი, ამ ემოციების გაცვლა თუ არ მოხდება. როდესაც სევდიანი ხარ, ამ სევდას ინაწილებს შენი მსმენელი, როდესაც მხიარული ხარ, ამ ბედნიერებას ასხივებ ბგერებით. როდესაც დიდ კონცერტებს ვგეგმავთ, ყოველთვის ვფიქრობთ, რა გვინდა, რომ გავუზიაროთ მსმენელს, ვფიქრობთ, გასულ წლებზე, იმაზე თუ რა გავაკეთეთ, რა ვიფიქრეთ, რა შეგრძნებები დავაგროვეთ… აქედან გამომდინარე, გარკვეული მუსიკალური ეტაპები არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. მე, სამწუხაროდ, ძალიან პასიური ვარ და მინდა ვთქვა, ყველაფერი ღირებული რაც გამიკეთებია, ჩემი მეგობრების დამსახურებაა. როგორც წესი, ჩემი მეგობრები მაძლევენ ძალას, მამხნევებენ და ხანდახან მომთხოვენ კიდეც, რომ რაღაც ახალი გავაკეთო. საბედნიეროდ, ასეთი მეგობრები მყავს, თორემ ისიც არ მექნებოდა გაკეთებული, რაც მაქვს. სამწუხაროდ, არ არსებობს ჩემი ჩანაწერები, არ მაქვს დისკი, კასეტაც კი არ მქონია, ალბომის სახით არაფერი მაქვს. მაქვს მხოლოდ ორი სოლო კონცერტის ჩანაწერი. ახალი არაფერია, დღემდე ძველი რეპერტუარიდან მომყვება სიმღერები და დღემდე ის რჩება მნიშვნელოვნად. ახლა ისეთი სიტუაციაა, დიდს და სერიოზულს ვერაფერს გავაკეთებ, მაგრამ მინდა, რაღაც ახალი შევქმნა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ეს დაგროვილი ემოციები, რომელიც ჯერ პანდემიამ მოიტანა ჩემამდე და შემდეგ უკვე ამ საშინელმა ტრაგედიამ, რასაც ომი ჰქვია, ჩემს მსმენელს გავუზიარო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ვერ იქნება დიდი, პომპეზური და გრანდიოზული, მაგრამ შევეცდები სიახლე შევიტანო ჩემს რეპერტუარში.

-ლიზა, ყოველ შაბათ-კვირას აქვს საზოგადოებას შენი ხილვის შესაძლებლობა საზოგადოებრივ არხზე. როგორია შენი ახალი ამპლუა?

-ბავშვობიდან ჩემი საყვარელი არხია. იქ მუშაობდა ბიძაჩემი, გივი ბაქრაძე. ტელევიზიაში ასევე მუშაობდნენ მარიკა ჩხარტიშვილი და ნათლიაჩემი, ქეთი ჯაფარიძე. მათ ძალიან ხშირად დავყავდი ტელევიზიაში და ეს შენობა და ეს ადამიანები, რომლებთანაც ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა ჩემთვის უსაყვარლესია. ყოველთვის ბედნიერება იყო ჩემთვის, როცა ამ ტელევიზიაში მისვლის თუ თანამშრომლობის შესაძლებლობა მქონდა. თუ გახსოვთ, წლების წინ, მე მქონდა მუსიკალური გადაცემა „ლიზასთან“, რომელიც ერთ წლიანი პროექტი იყო და ეს ერთი წელი ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან მქონდა შესაძლებლობა, ახალგაზრდა მუსიკოსები, ჩემი კოლეგები და მეგობრები წარმედგინა, ცოცხალი შესრულებით. გადაცემაში მათ ინტერესებზე და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით. წლების მერე, როცა ისევ დამიძახეს პირველ არხზე და როცა ლანა ქუთათელაძემ არხზე დაბრუნება შემომთავაზა, მგონი, არც მიკითხავს ამპლუა, ისე დავთანხმდი. მყავს ახალგაზრდა ჯგუფი, ძალიან მიხარია მათთან ურთიერთობა და კონტაქტი, ასევე მყავს ორი უსაყვარლესი თანაწამყვანი. ძალიან ბევრ სიახლეს ვიგებ და ვსწავლობ, ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები