შეიცვალა თუ არა პუტინის გეგმები საერთაშორისო ზეწოლის ფონზე და რა პროცესებს დააჩქარებს ბუჩაში მიმდინარე მოვლენები უკრაინის თავდაცვის გაძლიერების კუთხით ? – ამ საკითხზე ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ილაპარაკა.
მისი შეფასებით, რუსეთს საკმაო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ ომი გააგრძელოს. ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოკუპაციით შეეცდება.
„ამ 40 დღის განმავლობაში დასავლეთის პირდაპირი დახმარება, საომარი საშუალებების მიწოდება თანდათანობით იზრდება და უფრო მასშტაბური ხდება. პარალელურად იზრდება ზეწოლა რუსეთზე. ჯერჯერობით, მიუხედავად ასეთი კრიტიკული ვითარებისა, ფაქტობრივად ზღვარს მიაღწია დასავლეთის მხრიდან სანქციების გამოცხადებამ და რამდენიმე მნიშვნელოვანი სანქცია დარჩა, რომელსაც ალბათ მიიღებენ.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რუსებს საკმაო რესურსი გააჩნია რომ ომი გააგრძელოს. ვფიქრობ რუსეთი გეგმის გადახედვა მოხდა ქვეყნის შიგნით. ის რაც მოხდა ბუჩაში, თუ საზოგადოებრივი აზრი გაინტერესებთ, ჯერ ერთი, ინფორმაცია რუსული მოსახლეობისთვის მიუწვდომელია, და მეორეც, ეს დიდად არაფერს შეცვლის.
რუსეთი დღეს ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის გარკვეული ნაწილი: დონბასი, ლუგანსკი ალბათ ხერსონი და ხარკოვის ოკუპაცია სრულად მოახდინოს და შემდეგ საომარ მოქმედებას შეწყვეტს. რუსეთი ფიქრობს, რომ ამ მიღწევით შეძლებს დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას, იმას, რომ ემბარგო მოიხსნას და აღდგეს ეკონომიკური ურთიერთობები და სანქციები. ვფიქრობ დასავლეთი ამაზე წამსვლელი უკვე აღარ არის. საკმაოდ ძვირი დაუჯდა იმ სანქციების მიღება რაც მიიღო, ამიტომ, ამ ნაბიჯის გადადგმას ალბათ დასავლეთი არ გააკეთებს, თუმცა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს. რეალური ნაბიჯები ისაა, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს არამარტო უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვაში. ფაქტობრივად, მოხდეს ევროპის გაფართოება აღმოსავლეთით. ასე უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ.