4 აპრილს რადიოს „არ დაიდარდო“ ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში „საღამოს შოუ ლაშა რამიშვილთან” სიმღერის „შენს ქალაქში“ პრემიერა შედგა.
-პირველ რიგში, როგორ გრძნობთ თავს?
ლელა: ნორმალურად, თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რაც მთელ მსოფლიოში და ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, უკრაინაში არის.
მამულიჩა: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს
ლელა: ნამდვილად, ჩვენ თანაზიარი ვართ, იმ პრობლემის და იმ ძალიან დიდი ტრაგედიის, რაც ამ ერს, ამ მართლა ძალიან მამაც და საოცარ ადამიანებს დაემართათ. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ამ ერის მიმართ, ძალიან ცნობილი ბენდის
„Океан Ельзи“-ის უკრაინული სიმღერა „Без бою“ ჩავწერე, არაერთხელ მივმართე ამ ადამიანებს ჩემი საავტორო გადაცემიდანაც. ისე ვეხმაურები ამ პრობლემას, როგორც შემიძლია.
-ლელა, ვიცი, რომ ყველა შენი გამოსვლის წინ, ძალიან დიდი დროს უთმობ ამ თემას…
ლელა: სხვანაირად არც შეიძლება, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე გამოვხატავთ ჩვენს გულის ტკივილს და ჩვენს მხარდაჭერას ამ მამაცი და ძალიან მეომარი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი უბედურება და საშინელება მოხდა.
მამულიჩა: ამისთვის უნდა დაისაჯონ, მთელი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს, სხვანაირად არ შეიძლება.
-სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი ჩვენს პროფესიას გართობად აღიქვამს და არასერიოზულად უყურებს. რას ეტყოდი ასეთ ადამიანებს?
ლელა: მართალი გითხრა, არ მინდა, თავის მართლების რეჟიმში ვიყო და ვიღაცას რაღაცა ავუხსნა, ვინმეს თუ ეს გართობა ჰგონია, ეს უკვე მისი პრობლემაა. ეს არის ჩემი პროფესია, ეს არის ჩემი საქმე. მე ჩემი პროფესიით გამოვხატავ ნებისმიერ ტკივილს და სიხარულს.
მამულიჩა: თვითონ უკრაინის ქალაქებშიც კი გამოდიან მუსიკოსები და უკრავენ, რაც ძალიან ემოციური სანახავია, ძალიან მაგრები არიან.
-მაინტერესებს „ოკეან ელზის“ სოლისტს თუ ჰქონდა რეაქცია, როცა მისი სიმღერა შეასრულეთ?
მამულიჩა: სიმღერის გაკეთებაში ოთო ნემსაძე გვეხმარებოდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. ოთოს ვთხოვეთ, რომ გაგვეკეთებინა დუეტი და ვუთხარით, რომ გვინდოდა, ეს უკრაინული სიმღერა ჩვენს რეპერტუარში ჩაგვესვა. როგორც ოთომ თქვა, ჯგუფის სოლისტს ესაუბრა.
ლელა: კი, თავად ჯგუფის სოლისტ ესაუბრა ოთო. თუ გახსოვთ, „უკრაინის ახალი ხმა“ რომ გადიოდა, ჯგუფ „ოკეან ელზის“ სოლისტი ოთოს მენტორი იყო, მისი უახლოესი მეგობარია. სხვათა შორის, ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა ამ მოვლენების ფონზე. რაც შეეხება ჩემი შესრულების შეფასებას, ნამდვილად არ ვიცი, როგორი რეაქცია ჰქონდა.
-ლელა, ყოველთვის პროდუქტიული ხარ და ყოველთვის მოთხოვნადია შენი რეპერტუარი. რამდენად რთულია დღევანდელ პირობებში, კოვიდის და ომის ფონზე მუშაობა?
მამულიჩა: ურთულესია, ჩვენი პროფესია ადამიანების ემოციებზე და განწყობებზეა დამოკიდებული. ვითომ ეს კოვიდი გავაცილეთ, ნელ-ნელა სტრესიდან გამოვიდა ხალხი და უცებ ასეთი საშინელი ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინაში.
ლელა: ამას არ ჯობდა კოვიდი ყოფილიყო? ახლა რაც ხდება, ენით აღუწერელია. 21 საუკუნეში ასეთი რამ წარმოუდგენელია. როდესაც აფხაზეთის ომი იყო, ჩვენ აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით. არავის წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე თუ რა ხდებოდა აფხაზეთში და ახლა, როცა ინფორმაცია ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია, გგონია, რომ ამას ადამიანები აღარ გააკეთებენ, აღარ ჩაიდენენ. შეიძლება ეს ჩემი ინფანტილური მოსაზრებაა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ასეთ რამეს, არა იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი ამას არ იკადრებდა, უბრალოდ ვერაფრით წარმომედგინა, თუ დღევანდელ დღეს ჩვენ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ამხელა ქვეყანას თავს დაესხა, ამდენი ადამიანი და ბავშვი დახოცო, მართლა საშინელება ხდება, ამას სახელი არ აქვს. 24 თებერვალს, დილის 6 საათზე დაესხა რუსეთი უკრაინას თავს და იმის მერე ამ ომის ქრონიკებით მოვდივართ. თავიდან ძალიან პარალიზებულები ვიყავით, ვფიქრობდით რა იქნებოდა მომავალში, როგორი დღე გათენდებოდა ხვალ, რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში… ახლა, თითქოს სულ გვგონია დღეს ან ხვალ დამთავრდება ეს ომი, მაგრამ მე არ ვიცი საით მიდის ეს ყველაფერი და რა გაგრძელება ექნება ამას. ასეთ დროს, ადამიანი ბოლომდე ვერ ხარ შენს კალაპოტში, ძალიან რთულია ყველასთვის, განურჩევლად პროფესიისა.
მამულიჩა: ასეთ დროს, რაც არ უნდა გქონდეს დაგეგმილი, გაჩერდები. ძალიან დიდი ხანი, დაახლოებით ორი თვე ვთქვით, რომ არ „გვეკონცერტებოდა“, მაგრამ მეტხანს ფიზიკურად ვეღარ გაჩერდები ადამიანი.
ლელა: მართლა ვბრაზდები, ამის ახსნა რომ მიწევს და ვერ ვხვდები საერთოდ ამ თემაზე რატომ ვლაპარაკობ. ბუღალტერი, ექიმი, გამყიდველი… ხომ მუშაობს? მართლა არ მესმის.
მამულიჩა: შეძლებისდაგვარად დავგეგმეთ კონცერტები, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პროფესიას. ღმერთმა ქნას, რომ ომი მალე დამთავრდეს. მიუხედავად ამ სიმძიმეებისა, დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს.
-ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე…
მამულიჩა: 15 აპრილს „VM თბილისში“ ვაკეთებთ პატარა კონცერტს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით. 7 მაისს დიდი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი „მონო ჰოლში“. 2 მაისს ქუთაისობაა და რესტორან „ამირანში“ იგეგმება კონცერტი, 8-ში გორში, რესტორანში „მზიური“, დანარჩენი უკვე ზაფხულის ამბავია. რა თქმა უნდა, ყველა კონცერტი ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად არის დაგეგმილი.
-დღეს გვაქვს სიმღერის „შენს ქალაქში“ პრემიერა. ვის ეკუთვნის ეს სიმღერა?
ლელა: ჩემი ბენდის „ნონსტოპის“ ბასგიტარისტის, უჩა გუგუნავას მეუღლეს, ლანა ლობილაძეს ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც. როგორც დაგპირდით, პირდაპირ რადიო „არ დაიდარდოში“ მოვიტანე ეს ნამუშევარი. ძალიან მსუბუქი, საზაფხულო განწყობის სიმღერაა, სასიამოვნო ნამუშევარია.
-როგორი იყო სიმღერაზე მუშაობის პროცესი?
ლელა: ცოტა უთანხმოებაც მოგვივიდა, რაღაცებთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით მე და მამულიჩა, ამ ბოლო დროს, ძალიან ერევა სიმღერის ვერსიებში. რაღაც დონემდე შეიძლება ადამიანს მისცე იმის საშუალება, რომ აზრი დააფიქსიროს, მაგრამ თუ მთლიანად გაცვლევინებს რაღაცას, მაშინ შენს იდენტობას კარგავ. შენი სიმღერა შენებურად უნდა იმღერო, ისე რასაც გრძნობ და როგორც გრძნობ.
ლელა წურწუმია – შენს ქალაქში
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლელა წურწუმია & მამულიჩა. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები