LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ტემპით, სახელმწიფოს მინიმუმ 20 წელი დასჭირდება ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის – IDFI

131
a69656_big

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, დევნილი ოჯახების დაახლოებით 50% (45 903 ოჯახი) საქართველოში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფომ 10,622 ოჯახი დააკმაყოფილა. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, სახელმწიფოს მინიმუმ 20 წელი დასჭირდება ყველა დევნილი ოჯახის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

„2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროექტებზე სულ დახარჯულია, დაახლოებით, 513 მილიონი ლარი, რომლის 94% პროცენტი წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს. დევნილთა მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამების  ფაქტობრივი ხარჯები 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 44 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 67 მილიონი ლარით შემცირდა.

2021 წელს  ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მენაშენეების საკონკურსო პროექტით დაინტერესება და დევნილთა საცხოვრებელი ფართების სათანადო შესყიდვა. შედეგად, დევნილთა მხარდამჭერი პროგრამისთვის დაგეგმილი 85 მილიონი ლარიდან, აითვისა მხოლოდ 43.6 მილიონი ლარი.

დევნილთა მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული პროგრამების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან გადასახდელებში, 2018-2019 წლებში შეადგენდა 1%-ს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე, ხოლო 2021 წელს – 0.4%-მდე შემცირდა.

2008-2016 წლებში დევნილთა განსახლებისთვის გაწეული ხარჯების 70%-ს (470 მილიონი ლარი) წარმოადგენდა საერთაშორისო დაფინანსება, ხოლო 2017 წლის შემდეგ საინვესტიციო გრანტის სახით სახელმწიფოს მიღებული აქვს მხოლოდ 33 მილიონი ლარი.

2017-2021 წლებში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართის (128 524 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) მშენებლობებზე გაწეულია 120.5 მილიონი ლარის ხარჯი.

2017-2021 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, კვადრატული საცხოვრებელი ფართის მიხედვით, 467 ლარიდან 1,230 ლარამდე მერყეობს.

2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროგრამებზე გათვალისწინებულ თანხებს მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებსა და დანამატებზე გაწეული ხარჯები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები“, – ნათქვამია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g