ქართული აქსესუარებისა და ტანსაცმლის ბრენდის, „ჯოვანი მორას” თანადამფუძნებელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, ნათია სვანიძე სექტემბრიდან აშშ-ში აგრძელებს სწავლას. ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნათიამ სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.
სტენფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელია ტექნოლოგიური პროდუქტების მენეჯმენტისა და ზოგადად, ტექნოლოგიებისა თუ ტექ-სტარტაპების მიმართულებით. ამას უზრუნველყოფს სტენფორდის ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერიის სკოლა, მისი სიახლოვე Silicon Valley-სთან და ასევე, დიზაინის სკოლა, რომელიც Design Thinking-ის პროცესის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ნათიას ინტერესის სფერო პროდუქტების დიზაინია და სწავლის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიური პროდუქტების მენეჯმენტის მიმართულებით აპირებს განვითარებას. სტენფორდის უნივერსიტეტიც სწორედ ამ ნიშნით შეარჩია.
ამჟამად, ნათია პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკის, სფეისის Tribe Lead-ია და მუშაობს სხვადასხვა FinTech პროდუქტის შექმნა-განვითარებაზე.