PMC კვლევითმა ცენტრმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა.
კვლევა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მნიშვნელოვანი 7 სანქციის მიმოხილვას და ამ სანქციების პოტენციური ეფექტიანობის შეფასებას მოიცავს.
ალბათ საინტერესოა, როგორ მუშაობს სანქციები და რა შედეგი დაიდო უკვე?
თემას გიორგი კეპულაძესთან ერთად გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ განიხილავს ნიკა კაპანაძე, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მკვლევარი.

– ნიკა, გავეცანი კვლევას და მიუხედავად იმისა, რომ 10 ათასზე მეტი სანქციაა დაწესებული და რუსეთმა მსოფლიოში ყველა დროის რეკორდი მოხსნა სანქციების კუთხით, (ამდენი სანქცია არც ერთი ქვეყნისთვის არ ყოფილა დაწესებული), მაინც ძირითადი შვიდი სანქციაა და საუბარია მათ გაფართოებაზე.
შევაფასოთ, რა გამოვლინდა თქვენს კვლევაში და რამდენად მუშაობს და რამდენად ეფექტიანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.
– სანამ შვიდ სანქციას განვიხილავთ კომპონენტების მიხედვით, მთლიანობაში განვიხილოთ. თუ მიზნად დავისახავთ, რომ ეს არის რუსეთის ეკონომიკურად დასუსტება იმ დონეზე, რომ მან ვეღარ აწარმოოს უკრაინაში ომი, ამისთვის ჯერჯერობით არსებული პაკეტი არაა საკმარისი.
ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთს კვლავ აქვს შემოსავლები ნავთობისა და გაზის გაყიდვით.
ეს არის მთავარი მიზეზი და ჩვენი შეფასებითაც, სანქციები, რომელიც შეფასდა დაბალი ან საშუალო ეფექტურობით ძირითადად უბრუნდება ამ მიზეზს. მაგალითად „სვიფტის“ სისტემიდან ჩახსნაზე რომ ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში საშუალო ეფექტურობით შევაფასეთ სანქცია, რადგან ორი უმსხვილესი ბანკი, „სბერბანკი“ და „გაზპრომბანკი“, არაა სანქციებში შესული, რადგან ისინი არიან ენერგომატარებლების ტრანზაქციებში ჩართული, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპისთვის.
თუმცა „სბერბანკი“ ემატება სანქცირებულთა სიას მეექვსე პაკეტის მიხედვით, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა ევროკავშირის მიერ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ეს სანქცია, საჭიროა, რომ რუსეთის ფინანსური სისტემა მთლიანად მოიცვას.
– ვიცით, რომ მეექვსე პაკეტი მზადდება, თუმცა უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ცოტა გაჭიანურდა ეს პროცესი. მთლიანი პაკეტის მიღება ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ ვფიქრობ, ევროკავშირი მაინც მოახერხებს კონსენსუსის მიღწევას.
სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, რამდენად მუშაობს ეს სანქციები.
– მინდა აღვნიშნო, რომ უპრეცედენტო იყო პაკეტი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, არაა ჯერ საკმარისი, უნდა აღინიშნოს, რომ ის კოორდინაცია და სისწრაფე, რაც დასავლეთმა გამოიჩინა ამ სანქციების მიღებისას, უპრეცედენტოა და ესეც მიღწევად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა კომპანიების მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესება სხვადასხვა რუსულ ბაზარზე, რასაც რეალურად შოკური ეფექტი ჰქონდა.
ყველაზე მაღალი ეფექტიანობით ვაფასებთ ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას. სანქცია პირველ რიგში მოულოდნელი იყო და დიდი ეფექტი ჰქონდა იმ კუთხით, რომ სამასი მილიარდი აქტივი უბრალოდ გაიყინა და რეალურად ეკონომიკური შოკის შემსუბუქების საშუალება რუსეთს შეუმცირდა და სწორედ ამიტომ არის ეფექტური ეს სანქცია ჩვენი შეფასებით.
ასევე აქ ძალიან საინტერესოა, რომ სანქციების გაფართოების შესაძლებლობა გაჩნდა, გაყინული აქციები გადაეცეს უკრაინას და ამით შეუმსუბუქდეს ის ტვირთი, რაც ომს აქვს. საინტერესო იქნება, ეს მიმართულება როგორ განვითარდება. ჯერჯერობით მხოლოდ საწყის ეტაპზეა. რა თქმა უნდა, მარტივი არაა 300 მილიარდი დოლარის გადაცემა ერთი ქვეყნიდან მეორისთვის.
დანარჩენ სანქციებზე კი ვიტყვი, რომ ყველას აქვს გარკვეული „ხვრელები“, რომელიც მეტწილად უკავშირდება ენერგორესურსებს და ასევე არის გაფართოების შესაძლებლობა.
უშუალოდ ნავთობზე და გაზზე რომ ვისაუბროთ, ამ ეტაპზე აშშ-ს და ბრიტანეთს აქვს აკრძალული ნავთობის იმპორტი. უფრო ზუსტად, ბრიტანეთი წლის ბოლომდე აკრძალავს.
ქვეყნების მიხედვით განსხვავდება დამოკიდებულება რუსეთის პროდუქტებზე და ამიტომ არის ეს პროცესი გაჭიანურებული. სავარაუდოა, რომ პაკეტი რომ დამტკიცდება, ეს არ იქნება მყისიერი ემბარგო, რადგან ხვალვე ვერ შეძლებენ იმპორტის შეჩერებას და პერიოდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას დასჭირდება, რომ მთლიანად უარი თქვას რუსულ ნავთობზე, იქნება განსხვავებული.
– ამ შემთხვევაში ალბათ მნიშვნელოვანია ისიც, რომ არის დიდი ქვეყნები, მაგალითად გერმანია, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი, რომელიც აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ რუსულ ნავთობზე და გაზზე უარს იტყვის. გაზზე უარის თქმა ცოტა გაუჭირდება ალბათ, მაგრამ შეამცირებს მოხმარებას.
უნგრეთი და სხვა პატარა ქვეყნები, რომლებიც მყისიერად ვერ ახერხებენ სანქციებთან მიერთებას, ნავთობზე ემბარგოს კუთხით. თუმცა ისინი მაინც არ არიან იმ დონის მომხმარებლები და იმდენს არ ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს და გაზს, რასაც სხვა დიდი ქვეყნები.
მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ქვეყნებმა ცალ-ცალკე გამოაცხადონ შეზღუდვა რუსულ ნავთობზე და გაზზე. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
– მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ევროკავშირის სანქციების დამტკიცებას სჭირდება 27-ვე ქვეყნისგან თანხმობა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რთული იქნება, რაღაც ერთ მექანიზმზე შეთანხმდნენ ქვეყნები, მით უფრო, როცა ასეთი წინააღმდეგობა უკვე გამოიკვეთა.
რა თქმა უნდა, დიდი ქვეყნების მზაობა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. გაზზეც გასაგებია, რომ ისე მალე ვერ მოხდება უარის თქმა, როგორც ნავთობზე. გრძელვადიან პერიოდში თუ ვისაუბრებთ, ომის დასრულებაზე ამას დიდი ეფექტი არ ექნება, მაგრამ მეორე რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებმა ბევრმა გამოთქვეს მზაობა, რომ მთლიანი პოლიტიკა შეცვალონ და გრძელვადიან პერიოდში რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
– რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ალბათ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, სამხედრო დახმარების კომპონენტი, მათ შორის რუსეთის სამხედრო წარმოებაზე ემბარგო და შეზღუდვა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელს შეუწყობს, რომ უკრაინა გაძლიერდეს სამხედრო თვალსაზრისით და რუსეთმა სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწიოს და ვერ მოხდეს მისი სამხედრო პოტენციალის ზრდა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, რადგან შეეზღუდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა.
– ეს სანქციაც მნიშვნელოვანია. ეს საშუალო ეფექტურობით მხოლოდ იმიტომ გვაქვს შეფასებული, რომ უფრო გრძელვადიანი ეფექტი ექნება. ამ კონკრეტული ომისთვის სანქცია ვერ შეძლებდა რუსეთის სამხედრო პოტენციალზე გავლენა სწრაფად მოეხდინა.
სანქციას ექნება გრძელვადიანი ეფექტი, რადგან ტექნოლოგიურად ჩამორჩენას დაიწყებს რუსეთის სამხედრო და სხვა ტიპის ტექნოლოგიური მიმართულებები.
– დღესაც თუ არ ვცდები აპირებენ რამდენიმე პაკეტის გამოცემას. აშშ-მ დააანონსა და სიმბოლურია, რომ ასევე ცხრა მაისს დაემთხვა „ლენდ ლიზლის“ ხელმოწერა აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან და იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში რუსეთს მნიშვნელოვნად დაასუსტებს ეს სანქციები. არაა საუბარი, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაუჭირდება და ეს ყველაფერზე აისახება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში იმედია, ეს თავის გავლენას მაინც მოახდენს და შეცვლის, მათ შორის რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულებას თავისი ქვეყნის პოლიტიკის მიმართ.
