საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, რადგან „საშინელი სისუსტე აქვს, არ აქვს ფერი და საკუთარ შვილს ვერ ცნობს“.
როგორც ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მყოფი შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს კლინიკაში ყველაფერს უკეთებენ, რაც შესაძლებელია და თავად პაციენტიც კმაყოფილია, თუმცა ვერ ჭამს და მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მაქვს. თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმებიც მომეწონა, ძალიან კარგი პერსონალია. ვფიქრობ, ყველაფერს სწორად უკეთებენ. მაგრამ ბევრი დიაგნოზია და ნელ-ნელა იმიტომ კეთდება. დრო სჭირდება. პრობლემა ისაა, რომ ვერ ჭამს.
საშინელი სისუსტე აქვს. ადამიანს ფერი არ აქვს. ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოფიტულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუარესებული მდგომარეობა აქვს, თავად ექიმებიც ამბობენ. ნევროპათოლოგის აზრით, მდგომარეობა გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა გორის ჰოსპიტალში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.