“რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაიანის ომი არ შეიძლება დამთავრდეს ისეთი ზავით, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივად გაგრძელდება რუსეთთან ურთიერთობები, საქმიანი კავშირები თუ სხვა სახის თანამშრომლობა.
როგორც კახა გოგოლაშვილი მის მიერ გავრცელებულ ფეისბუკ პოსტში აღნიშნავს, ომს უნდა მოყვეს საერთაშორისო გამოძიება, თანაც არა მარტო კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების, არამედ მთლიანად რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და შესაბამისად გამოტანილი განაჩენით.
“რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი ამავე პოსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ეს ომი არ შეიძლება დამთავრდეს ისეთი ზავით, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივად გაგრძელდება ურთიერთობები, საქმიანი კავშირები, კულტურული თანამშრომლობა და სხვა. არა იმიტომ, რომ ვინმეს, მათ შორის უკრაინელებს და დასავლეთს ომი ან შურისძიება უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს ომი რუსეთმა ლეგალური მიზეზის და საბაბის გარეშე დაიწყო, რითაც დაარღვია გაეროს წესდების 51-ე მუხლი (Jus ad bellum), რომელიც ომის გამოცხადების უფლებას მხოლოდ ლეგიტიმური თავდაცვის აუცილებლობას უკავშირებს.
შემდეგ ომი აწარმოა ჰუმანიტარული სამართლის (IHL) სრული დარღვევით. ჟენევის 1949 წლის კონვენციები (4 კონვენცია) განსაზღვრავს ომის წარმოების წესებს (Jus in Bello), ძირითადად, სამხედრო ტყვეების, დაჭრილთა და ინვალიდთა ან სამოქალაქო პირების მიმართ ომის პირობებში მოპყრობის წესებს. ასევე გულისხმობს გარკვეული სახის იარაღის გამოყენების უფლების შეზღუდვას ან აკრძალვასაც, სამოქალაქო ობიექტებზე შეტევის მიტანას, თუ ამას შესაძლოა მოყვეს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლებაში, ასევე განურჩეველი შეტევის (დაბომბვის ან სხვა) განხორციელებას.
ყველა ეს კონვენცია დარღვეულია მასიურად რუსეთის მიერ – ამის მაგალითებია ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი (სადაც მიზანმიმართულად დაიბომბა შენობები იქ თავშეფარებული მოქალაქეებითურთ). ასევე, ადგილი აქვს არასამხედრო დანიშნულების და მოქალაქეების დიდი კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებსა და დაბომბვას. დადასტურებულია ომის ტყვეების დახვრეტის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ცნობილია სამოქალაქო დანიშნულების, მათ შორის სურსათის საწყობების, სასმელი წყლითა და ელექტროენერგიით მშვიდობიანი მოსახლეობის მომარაგების ინფრასტრუქტურის ობიექტები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სხვ.
სწორედ ამიტომ, ამ ომს უნდა მოყვეს საერთაშორისო გამოძიება და არა მარტო კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების, არამედ მთლიანად რუსეთის სახელმწიფოს მიმართ შესაბამისად გამოტანილი განაჩენით. რუსეთს უნდა დაეკისროს ადეკვატური ფინანსური ჯარიმა (რეპარაცია), საკმარისი, იმისთვის, რომ ანაზღაურდეს უკაინისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი. აუცილებელია რუსეთმა აღიაროს დამარცხება და ითანამშრომლოს საერთაშორისო ტრიბუნალთან, ან გასამართლდეს როგორც დანაშაულში მხილებული სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში ომი გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, ოღონდ სხვა – ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით.
ბოლო ხანებში საუბრობენ რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე. არა მგონია ასეთ ქვეყანასთან დაახლოების ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენთვის დამაზიანებელი არ იყოს.
პირიქით, სანამ ომი არ შეწყვეტილა, იქ ხელისუფლება არ შეცვლილა და პოლიტიკა ნორმალურობისკენ არ შემობრუნებულა უნდა ვეცადოთ ამ ქვეყნისგან მაქსიმალურ დისტანცირებას, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების ჩათვლით”, – წერს კახა გოგოლაშვილი.