LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეიმი პატარებს: 1 ივნისს ბავშვებისა და ქალბატონებისთვის ავტორბოლა მოეწყობა

48
FORTUNA.GE (8)

1 ივნისს, ძალიან საინტერესო შეჯიბრი მოეწყობა. საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია ნამდვილ საჩუქარს უკეთებს ქალბატონებს და განსაკუთრებით ბავშვებს. პატარებს თავად შეეძლებათ ავტოშეჯიბრში მონაწილეობის მიღება. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე “ავტორადიოს” პირდაპირ ეთერში საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ანა ნაკაშიძემ ისაუბრა.
ქალბატონო ანა, რა ღონისძიება იგეგმება 1 ივნისს, დეტალებზე რომ გვესაუბროთ…

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და ჩვენმა ფედერაციამ გადაწყვიტეთ ეს დღე მთლიანად ბავშვებს მივუძღვნათ. ჩვენ ვმართავთ შეჯიბრს ლილო არენას ტერიტორიაზე. როგორც იცით, ფედერაცია კურირებს კამპანიას „არ დაგტოვებთ მარტო“ – მარტოხელა დედების დასახმარებლად.
ვინაიდან ბავშვთა დაცვის დღეა მოვიფიქრეთ, ჩვენი მფარველობის ქვეშ მყოფი ბავშვები და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული დედების შვილები შევკრიბოთ, მოვუწყოთ დღესასწაული.
დღის განრიგი ასეთი იქნება: შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედთან; დროშებით, ჩვენი სტიკერებით, წავალთ უკრაინის საელჩოსთან და პატივს მივაგებთ დაღუპულ ადამიანებს. იქვე დაგვხვდებიან ჩვენი უკრაინელი პატარები, რომლებსაც ლილო არენას ტერიტორიაზე წავიყვანთ და ნამდვილ ზეიმს მოვუწყობთ.
პირველ ნაწილში უყურებენ შეჯიბრს დრაგის სახეობაში, მეორე ნაწილში თავად ამ ბავშვებს მოვუწყობთ სათამაშო ავტომობილებით რბოლას.

ძალიან საინტერესოა ბავშვების შეჯიბრი…

დიახ და ასევე იქნება დაჯილდოება ბავშვებისთვის, საჩუქრების გადაცემა. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შემოგვიერთდეს, ეს არის ძალიან კარგი და კეთილშობილური საქმე – იმ ბავშვების გახალისება, ვინც ბევრი საშინელება გამოიარა. ველოდებით ყველას, ვისაც სურვილი ექნება შემოგვიერთდეს, იქნებიან მედიასაშუალებები, რომლებიც ღონისძიებას გააშუქებენ. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალბატონს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა.

დაახლოებით რამდენი ქალბატონი იღებს მონაწილეობას?

ამ წუთისთვის 21 ავტომობილია რეგისტრირებული ანუ 21 ქალბატონი. შეჯიბრი დრაგის სახეობის, 100 მეტრის დისტანციის დაფარვა იქნება. უკეთ რომ ავხსნათ, ორი ავტომობილი ეჯიბრება ერთმანეთს და რთული არ იქნება. ჩვენ ორიენტირებული ვართ უფრო ბავშვთა დაცვის დღეზე და იმაზე, რომ ჩვენს უკრაინელებს დავუდგეთ გვერდში.

ძალიან კარგ და კეთილ საქმეს აკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ბავშვები  აღფრთოვანებული დარჩებიან და ეს არის ალბათ თქვენი ყველაზე მთავარი მიზანი. უკრაინას კი ძალიან მალე გამარჯვებას ვუსურვებთ.