ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი – სააკაშვილი არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი EPP- ის გუშინდელ ყრილობას და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი.
სოზარ სუბარის სიტყვებით, “EPP საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით საპირისპიროს აკეთებს”.
„მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მიუსაჯა მას სამართლიანმა სასამართლომ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე უთხრა უარი სააკაშვილს, განეხილა საკითხი, რომელიც მის მიმართ თითქოს უღირს მოპყრობას ეხებოდა. ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი, ძალიან დიდხანს მოუწევს ამ სკამს ცარიელად ყოფნა და ყველაზე მტკივნეული რაც იყო, იმ დროს, როცა საქართველო, ქართველი ხალხი ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, EPP ერთ სიტყვასაც არ ახსენებს სტატუსთან დაკავშირებით. ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ევროპაში დადის“ – განაცხადა სუბარმა.