უკრაინული მედია მარიუპოლის პოლკის პირველი ასეულის პირველი ბატალიონის მეთაურის დმიტროსა და მისი საცოლის, ანას დრამატულ ისტორიაზე წერს.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ანასა და დმიტროს 8 წელია ერთმანეთი უყვართ. ჯერ ომის დასრულებას ელოდნენ, რომ დაქორწინებულიყვნენ, ახლა კი ანა დიმას ტყვეობიდან დაბრუნებას ელოდება.
ანა ნაუმენკო დმიტრო დანილოვის საცოლეა, დმიტრო, მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად, „აზოვსტალიდან“ მაისის შუა რიცხვებში გამოვიდა. მაშინ მებრძოლებმა ბრძანება მიიღეს, წინააღმდეგობა შეეწყვიტათ და საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ. ახლა დაახლოებით 1700 უკრაინელი სამხედრო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, მათ შორის, დმიტროც, რომელიც ევაკუაციის შემდეგ ანას აღარ დაუნახავს. ერთხელ მხოლოდ მისი ხმა გაიგონა ვიდეოში.
„აზოვსტალიდან“ გამოსვლის წინა დღეებში დმიტრომ ანას მისწერა – „შენ ჩემი ცოლი ხარ“ – სიტყვები, რომელთა მოსმენაც ანას ძალიან უნდოდა, თუმცა სხვაგვარად და სხვა ადგილას.
არ იცის, როგორაა ან როდის დაბრუნდება, თუმცა სჯერა, რომ დიმა დაბრუნდება და ოცნებას ერთად აისრულებენ – დაქორწინდებიან მთაში, სადაც მათ საქორწინო ლაშქრობას მხოლოდ რამდენიმე უახლოესი მეგობარი დაესწრება.
„მთავარია, ომი დამთავრდეს. ჯერ ალბათ 4 დღე ოთახში ჩავიკეტებით, ვისხდებით ჩუმად და ვიტირებთ. მე ნამდვილად ვიტირებ და ალბათ, ცოტას ისიც იტირებს. მერე მე დავარწმუნებ, რომ რეაბილიტაცია გაიაროს, თორემ მერე უფრო რთული იქნება.
პირველი წელი – სრული რეაბილიტაცია, რომ დიმა სრულად დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და აქ საკუთარი თავი იპოვოს. ერთი წლის გეგმა უკვე მაქვს. შეიძლება, დიმა ფიქრობს, რომ მას ორი თვეც ეყოფა, მაგრამ მან ჩემი გეგმები ჯერ არ იცის. და ძალიან მინდა ლაშქრობაში წასვლა. მარშრუტიც ვიცი – ჯერ მთაში, სადაც ხელს მოვაწერთ და შემდეგ მოგზაურობაში წავალთ. ტრადიციული ქორწილები არ მიყვარს, მთაში მინდა, სადაც მეგობრების გარდა არავინ იქნება.
ვიდრე ჩვენები „აზოვსტალში“ იყვნენ, მამაჩემმა ერთი ოცჯერ მაინც გამომიგზავნა სტატია, რომ ახლა დისტანციურადაც შეიძლება სამხედროზე დაქორწინება. ყველა ჯერზე ვპასუხობდი, რომ დიმამაც იცის ეს, მაგრამ არ უნდა, ჩვენი ქორწილის დღე ასეთი იყოს.
არც მე მინდოდა ასეთი საშინელი მოგონება. ამიტომაც მჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვენ მთაში ვიქორწინებთ – თუნდაც ზამთარი იყოს. კარპატები ზამთარშიც ულამაზესია.“ – ამბობს ანა.