კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა ინდოეთი. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში კიტრი სუფრის მშვენება და სტუმარს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მიართმევენ ხოლმე. ჩვენში მას ძირითადად სხვა ბოსტნეულთან, პომიდორთან, ხახვთან, მწვანილთან ერთად მიირთმევენ. ზოგან კი, მაგალითად ირანში, კიტრი დესერტად მოაქვთ ატამსა და გარგართან ერთად. ყოველივე ეს მოწმობს იმას, რომ კიტრი ფართოდ აღიარებული კულტურაა.

კიტრი ნაყოფი წყურვილის მომკვლელი შესანიშნავი საშუალებაა. არც არის გასაკვირი – მისი ქიმიური შემადგენლობის 95% ხომ წყალია, დანარჩენ ხუთიოდე პროცენტს ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარი ქმნის. ვიტამინებიდან კიტრი შეიცავს C, B1, B2 და A პროვიტამინს. კიტრის ნაყოფი მდიდარია ფოსფორით, კალიუმით და კალციუმით. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ კიტრი რეკორდსმენია ბოსტნეულ კულტურებს შორის ტუტე ეკვივალენტების შემცველობის გამო. გარდა ამისა, კიტრში ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო მაგნიუმის, რკინის, ალუმინის,სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილებია. სულ ახლახან მკვლევრებმა კიტრში ვერცხლის მარილების აღმოაჩინეს. გამოდის, რომ ერთი ჩვეულებრივი კიტრი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს.
სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღვლმდენი – ეს არის არასრული ჩამონათვალი კიტრის სამკურნალო თვისებებისა. კიტრში შემავალი პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებენ ლპობით პროცესებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. თურმე კიტრით სისტემატურად კვება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კანს ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს. კიტრის წყალობით ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა, ამიტომაც ამ მცენარის ნაყოფს, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კიტრით განტვირთვის დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის.

კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტოლოგიაში კანის გასაგრილებლად და ნაოჭების გასასწორებლად. კიტრის ექსტრაქტზე დამზადებული ლოსიონები კანის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა. კიტრის ახალგამოწურული წვენი კი კანს ათეთრებს და არბილებს. მის ხშირად გამოყენებას განსაკუთრებით მათ ურჩევენ, ვისაც ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ელფერის კანი აქვს.
