LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნამუშევარი ძალიან სპონტანურად შეიქმნა … შედეგი უკვე მსმენელმა უნდა შეაფასოს“ – გია დავითიანი

14
davitianimain

6 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი გია დავითიანი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „როგორ შეგიყვარე“ პრემიერა შედგა.

 გია, დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?

ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. გაიოზ ქართველიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა დამაჭერინა ხელში მუსიკალური ინსტრუმენტი, ის იყო ჩემი პირველი პედაგოგი, მან გამიკვალა გზა დიდი ესტრადისკენ. მაშინ ინსტრუმენტალისტი ვიყავი, საქსოფონზე ვუკრავდი გუნდში „აისი“.

სოლო მომღერლობის პერიოდი როდის დაიწყო?

ჩემს თავს სოლო მომღერლად სულაც არ ვთვლი. როდესაც რომელიმე კომპოზიტორი მეუბნება, თქვენთვის სიმღერა დავწერე და იქნებ შეასრულოთო, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ვაკეთებ, რომ ის კომპოზიტორები და ავტორები, ვინც სიმღერას წერს, განაწყენებული არ დავტოვო, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთ პროცესებთან არის დაკავშირებული, რომ ამ ყველაფრის უკან ცოტა შიშიც დგას. როცა ამხელა პასუხისმგებლობას იღებ, გინდა, რომ მაქსიმალურად დაიხარჯო, რომ შედეგი მოსაწონი იყოს სიმღერის ავტორისთვისაც და მსმენელისთვისაც. საბედნიეროდ, ჩემს რეპერტუარში არის რამდენიმე ისეთი სიმღერა, რომელიც ძალიან მოთხოვნადია და ამაში დიდი წვლილი „არ დაიდარდოს“ მიუძღვის. ჩემი და „ალილოს“ პოპულარობა ძალიან არის დაკავშირებული ამ რადიოსთან, ჩვენი ახალი ჩანაწერები ყოველთვის აქ ჟღერდება და ჩვენ რომ დღეს ხალხს ვუყვარვართ, ეს დიდწილად „არ დაიდარდოს“ დამსახურებაა.

მინდა ყურადღება გავამახვილო სიმღერაზე „ამოგარჩიე“. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი?

ეს დათო არჩვაძის სიმღერაა, ნანა ცინცაძის ტექსტზე. ცოტა გულის ამაჩუყებელი და ტრაგიკული ისტორია აქვს ამ ნამუშევარს, რადგან ეძღვნება ჩემს მეუღლეს, ნანა თედიაშვილს, რომელიც გარდაიცვალა. ეს იყო პერიოდი, როცა ყველას ერიდებოდა ჩემთან ურთიერთობა იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი დიდი ტრაგედია მოხდა ჩემს ოჯახში. ახალი მომხდარი იყო ეს ამბავი, როდესაც დათო არჩვაძემ დამირეკა და მითხრა, ამ სიმღერაში იგულისხმება ის ადამიანი, რომელიც შენ ახლახან დაკარგე და უნდა ჩაწერო ეს სიმღერაო. რა საკვირველია, იმ პერიოდში არ მემღერებოდა, მაგრამ ეს იყო პირველი სიმღერა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩავწერე. „არ დაიდარდოს“ იუბილესთან დაკავშირებით „POSTV“-ში რომ ვიყავით სტუმრად, იქ აღინიშნა, რომ სიმღერა „ამოგარჩიე“ ყველაზე მოთხოვნადია.

 

დღეს შედგება სიმღერის „როგორ შეგიყვარე“ პრემიერა. ვის ეკუთვნის ეს ნამუშევარი?

ტექსტის და მუსიკის ავტორი უნიჭიერესი ახალგაზრდა შემსრულებელი და კომპოზიტორი ნატალია თოთიბაძეა. სიმღერა ამირან დიასამიძის სტუდიაში ჩაიწერა. ეს ნამუშევარი ძალიან სპონტანურად შეიქმნა, ნატომ დამირეკა და მითხრა, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ სთხოვა სიმღერის შექმნა და რომ ამ ადამიანს სურდა, მე მემღერა ეს ნამუშევარი. შედეგი უკვე მსმენელმა უნდა შეაფასოს.

 

გია დავითიანი – როგორ შეგიყვარე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გია დავითიანი – ყური უგდე საქართველოს. Live

 

გია დავითიანი. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები