LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკითხი ასე დგას, ან ვკარგავთ ამ პერსპეტივას, ან არ ვკარგავთ” – რა უნდა ვქნათ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ გაუშვას და ევროკავშირისკენ ერთი ნაბიჯი გადადგას

114
ევროპა მთავარი

ორი დღის მანძილზე ცოტა შიშით, ცოტა პოზიტიური მოლოდინით, ცოტა აღტაცებით შევყურებდით, ვუსმენდით, ვთარგმნიდით, თუ კარგად ვერ ვიგებდით, სხვებს ვეკითხებოდით და ვცდილობდით, ჩვენთვის სასურველი სიტყვები დაგვეჭირა ევროპარლამენტარების გამოსვლებსა და განცხადებებში.

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კარგიც და ცუდიც. თითოეული ევროპარლამენტარის გამოსვლა კარგი იყო, იმიტომ რომ ყველა ერთხმად  აღნიშნავდა მთავარს –  ქართველი ხალხი აუცილებლად იმსახურებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, არამედ, წევრობას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. კარგი იყო ეს გამოსვლები, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები პირდაპირ ამბობდნენ, თუ ახლა კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხმადა წყალს. ცუდი კი იმიტომ იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაევროპულ, არადემოკრატიულ ჯგუფად გამოაცხადეს, მედიის დევნის კონკრეტული და მძიმე ფაქტები გაიხსენეს და “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს არამხოლოდ ოლიგარქი უწოდეს, არამედ მისი კრემლთან სავარაუდო კავშირების გამო, სანქცირებაც კი მოითხოვეს. მოქალაქეების ნაწილში გარკვეული კითხვები მაინც დარჩა, მათ შორის მთავარი კითხვა ეხება ბოლოს და ბოლოს რა მოხდა – მიიღო თუ არა საქართველომ კანდიდატის სტატუსი და რა ჩაიწერა რეზოლუციაში ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის გარდა.

 

რა გვითხრეს ევროპარლამენტარებმა 

 

ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება.

რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების – „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) – შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყარა, წერია:  “ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“

შესწორებაში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ” და იქვე მოწოდებულია ივანიშვილისადმი პერსონალური სანქციების დაწესების განხილვა, საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.

308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა რეზოლუცია უკვე მიიღო.

რაც შეეხება თავად რეზოლუციას, შეთანხმებული ტექსტი კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა, ასევე საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზე.

ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

‘მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისს და იმუშაოთ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ხანგრძლივი ვალდებულება დასავლეთ ბალკანეთის მიმართ შენარჩუნებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყანა, რომელიც იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, დაკარგა ტემპი და მტკიცე ერთგულება დემოკრატიული რეფორმების მიმართ – კალიურანდი

ევგენ ტომაკი: ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია, ვის სურს, რომ საქართველო დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ეს პუტინია, საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა

 

ევროპარლამენტარებზე გაბრაზებული “ქართული ოცნება”

 

როგორ გამოიყურება ხელისუფლება, რომელიც ბრაზობს ევროპარლამენტარებზე, ევროპაზე, ევროკავშირზე, ყველაფერზე, რაც განვითარებასა და წინსვლასთან გვაახლოებს – ამის ნათელი მაგალითი პარტიის თავმჯდომარე იყო.

ევროპარლამენტარების არ იყოს, ირაკლი კობახიძეც ღრმად შეშფოთებულია, ოღონდ მიზეზი სულ სხვაა. მას ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესება ანერვიულებს და არა საქართველოს მომავალი. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ევროკავშირს “ფეიკის” მსხვერპლი უწოდა, ივანიშვილის სანქციების დაწესების მოთხოვნას კი – პარადოქსი. მან ისიც თქვა, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება, არ მიენიჭოს“. 

კობახიძე: რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

„ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს არ ჩამორჩა მდინარაძე, რომელმაც რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე თქვა, რომ ასეთი კატასტროფული სიტუაციის დახატვა საქართველოზე შეტევაა. მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აპრილის ბოლოს მომზადებული რეზოლუცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ 10-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსის დღევანდელი განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია რეზოლუციის შინაარსს.

სამაგიეროდ, ოპოზიცია კიდევ უფრო ღიად და პირდაპირ საუბრობს, რა პრობლემები შეუქმნა ქვეყანას მმართველმა გუნდმა და მათ ორკვირიან ვადას აძლევს.

“ევროპა მზად არის საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ერთადერთი წინაღობა, ქართველ ხალხს და ევროპას შორის, არის ოლიგარქი ივანიშვილი და „ქართული ოცნება”. საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. თქვენ გაქვთ ორი კვირა, ძვირფასო მეგობრებო „ქართულ ოცნებაში,“ რომ დაასრულოთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით კი, ევროპარლამენტმა სანქციების შესწორებას კენჭი უყარეს, სადაც საუბარია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზეც. 

 

 

რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ახლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დღეს ვანო მაჭავარიანი, “სტრატეგიული ანალიზისა და კვლევის ცენტრის” ექსპერტი შევარჩიეთ, რომელიც მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აპარატში მუშაობდა და შესაბამისად, ამჟამინდელი პრეზიდენტის როლზეც საუბრობს.

“ის, რაც ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს, რომ ევროპული პერსპექტივა შეიძლება დაიკარგოს “ქართული ოცნების” გამო. მათ ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლეს მეგობრის შეძენა ევროპარლამენტში, ვიღაცამ რაღაც ფორმით ეს სირცხვილი უნდა გამოასწოროს, ამის ბერკეტი აქვს პრეზიდენტს. რეზოლუციაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ გვარამიას გამოშვება სიტუაციას შეცვლის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შარლ მიშელის დოკუმენტი, პრეზიდენტს შეუძლია ამის აქტუალურობა. სწორედ შარლ მიშელის ანულირებულ პუნქტებს ეხება ის, რასაც გვთხოვენ.

ლომჯარია კობახიძეზე: სუსტია არგუმენტი, რომ ევროპარლამენტი „ფეიკის“ მსხვერპლია

ლომჯარიას თქმით, გუშინ ევროპარლამენტარების კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე იყო დაფუძნებული.

ამ სიტუაციაში “ქართულმა ოცნებამ” ასეთი კონფრონტაციული ტონი აირჩია, ებრძვის ევროპარლამენტარებს, იმის მაგივრად, რომ გაიზიაროს და რაღაც ფორმით თანამშრომლობის გზები იპოვოს. სწორედ ამ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს. მან თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და წონა უნდა მისცეს თავის სიტყვებს. კონკრეტული ქმედება არის ნიკა გვარამიას შეწყალება, შარლ მიშელის განახლებული ვარიანტის მიწოდება და ქართულ ოცნებას თუ მართლა უნდა, რომ საქართველომ ევროპული პერსპეტქივა არ დაკარგოს, ამის პუნქტები პირდაპირ ჩამოწერილია”, – ამბობს მაჭავარიანი. 

მისი თქმით, ახლა ასე დგას საკითხი – ან ვკარგავთ ამ პერსპექტივას, ან არ ვკარგავთ.

რაც შეეხება კითხვას – რა უნდა ქნან მოქალაქეებმა, რა ბერკეტი აქვს სამოქალაქო სექტორს – ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ საზოგადოებას შეუძლია თავისი პოზიციის დაფიქსირება, თუმცა მისი თქმით, ესაა სწორედ “ქართული ოცნების” პრობლემა.  “ის არსად წასვლას არ აპირებს, ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს”.

რა იქნება დაახლოებით ორ კვირაში, როცა ევროპარლამენტის დასკვნას ევროსაბჭო და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ, ამას 24-25 ივნისს ვნახავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g