ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ქვემო მაჩხაანის წმინდა სამების სახელობის ტაძარში ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკრაინა საქართველოს გვერდით უნდა ედგეს და არ უნდა კეთდებოდეს განცხადებები მათი მხრიდან, რომ „საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ“.
„ევროპამ უნდა დაამტკიცოს ევროპა რომ არის. ჩვენ რა უნდა დავამტკიცოთ ხო? 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირი, რომ იშლებოდა, წინა ხაზზე ვიყავით, მერე 90-იანებში, როდესაც ნახეს, რომ ეროვნული მოძრაობა იმარჯვებდა საქართველოში, რა ქნეს ხომ ვნახეთ? ეროვნული მოძრაობაც გახლიჩეს, გამოიწვიეს ომი ერთმანეთს შორის და ძალიან მძიმე სიტუაციამდე მივედით.
შემდეგ იყო აფხაზეთის ომი. მერე იყო 2008 წლის ომი. შეხედეთ რამდენი წელია ოკუპაციაში ვართ.
უკრაინაშიც 2014 წლიდან დაიწყო და დღეს ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაა. მე მიკვირს უკრაინის ხელისუფლების იმ წარმომადგენლების, რომლებიც დასაწყისიდან საქართველოზე სულ რაღაც ისე არიან, აგრესიულად განწყობილები. ომამდეც მასე იყო… თუ ვერ ბედავენ პოლიტიკოსები და კიდევ ვიღაცები მაგის თქმას, არასწორია…
როდესაც ევროპარლამენტში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რა მოხდა?! უკრაინაზე, მადლობა ღმერთს გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ამბავს ეპყრობიან… ჩვენსას არა. თავიანთი გადასაწყვეტია და ვერ ჩაუსწორებ, როგორც ფიქრობენ, თუნდაც პარტიული იყოს ეს გადაწყვეტილება და არ იყოს გონიერებით მოხმობილი, უნდა დავუჯეროთ იმათი პარლამენტია…
უკრაინის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გამოდის და არა საქართველო არ უნდა მიიღოთო, მარტო ჩვენ უნდა მიგვიღოთო. შე დალოცვილო აოხრებული ხარ თავიდან ბოლომდე ხო? მსოფლიო, რომ არ დაგდგომოდა, რა იქნებოდა აბა? იქნებოდა დღეს უკრაინა?
ამერიკა და ბრიტანეთი, რომ არ ჩარეულიყვნენ, რა იქნებოდა უკრაინაში ხო? საშინელ დღეშია უკრაინა. ცივილიზებული სამყარო იძახის, რომ ომი უნდა მივიდეს უკრაინის გამარჯვებამდეო – რა არის ეს გამარჯვება ისიც გვითხრან.
სახელმწიფოს როცა გიჭირს და იცი, რომ ისეთივე დარტყმის ქვეშ უნდა ჩავარდეს საქართველო, ოდნავი სინდისი თუ შეგრჩენია შენ მაინც ნუ იტყვი რა, საქართველო არ მიიღოთ ევროკავშირშიო…
კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ მათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდე, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა, თუმცა არავინ მინდა, რომ ციხეში იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.