LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტყეში წაიყვანე, “აკაჩავე” რა” – 4000 ლარი მოსთხოვეს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – ჯგუფური დანაშაულისთვის კახეთსა და თბილისში 3 პირი დააკავეს

291
შსს

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.

1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები – 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ბ.-მ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.

სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისსა და კახეთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

პოლიციამ გ.ბ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ქ.ხ.-ს და თ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრისა და დაკავების ამსახველ მასალას აქვეყნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g