„ახალი მემარცხენე ალიანსის მიღწევების და საკანონმდებლო არჩევნებში უკიდურესი მემარჯვენეების ისტორიული ზრდის ფონზე, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა დაჯგუფებამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა“, – ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის ხუთწლიანი კონტროლის შემდეგ, ახლახან ხელახლა არჩეული მაკრონი, რომელიც ძალაუფლებისადმი „ზემოდან ქვემოდან“ მიდგომებით არის ცნობილი, ახლა უკვე მეორე ვადით შედის გაურკვევლობის წინაშე, თუ როგორ განახორციელებს საშინაო პოლიტიკას, როგორიცაა საპენსიო ასაკის გაზრდა და სახელმწიფო შეღავათების გადახედვა.
Guardian-ის ინფორმაციით, მის ცენტრისტებს დასჭირდებათ კომპრომისების მიღწევა და ალიანსების გაფართოება პარლამენტში, რათა შეძლონ წინ წამოსწიონ მისი წინადადებები გადასახადების შემცირებისა და კეთილდღეობის სისტემის შერყევის შესახებ.
„მაკრონის ანსამბლმა, რომელიც რჩება ყველაზე დიდ ჯგუფად პარლამენტში, მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო, რასაც მედიამ „გამანადგურებელი დამარცხება“ და „მიწისძვრა“ უწოდა. პოლიტოლოგებმა კი შედეგები მაკრონის ცენტრისტული ალიანსის „მძიმე მარცხად“ მიიჩნიეს“, – წერს The Guardian.
გამოცემის ცნობით, საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ მაკრონის ცენტრისტებმა 245 ადგილი დაიკავეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 მანდატისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
მემარცხენე პარტიების ისტორიული ალიანსი, მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის, საფრანგეთის დაუმორჩილებელი პარტია სოციალისტებთან და მწვანეებთან ერთად, ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფი გახდა და სავარაუდოდ, 133 ადგილი ექნება.