20 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ ,,მხიარული დილის” სტუმარი მომღერალი მიშო ჯავახიშვილი გახლდათ, რომელმაც ანსამბლზე „მართვე“, 2 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებაზე, „ირიაოს“ შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მიშო, რას ნიშნავს შენთვის ანსამბლ „მართვეს“ ხელმძღვანელობა, როგორ გრძნობ თავს ამ ამპლუაში?
ეს ძალიან დიდი ეროვნული საქმეა. ეს ყველაფერი ისეთმა ადამიანმა წამოიწყო და ისეთი ხალხი იდგა მის გვერდით, რომ ჩემთვის „მართვეს“ ხელმძღვანელობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და განუსაზღვრელი მოცემულობაა. ანზორ ერქომაიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერის ტრადიცია გადაგვირჩინა და დიდი ღვაწლი ჩადო ანსამბლში „მართვე“. უკვე 44 წელია ეს ანსამბლი არსებობს და ვფიქრობ, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის და „მართვეს“ დიდი დამსახურებაა, ქართული ხალხური სიმღერის ასეთი პოპულარობა. ანზორ ერქომაიშვილს ამ საქმეში გვერდით ედგნენ: კოტე მშვიდობაძე, ნათელა ჯიღაური, რამინ მიქაბერიძე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ასეთი პასუხისმგებლობა მარგუნა.
მომიყევი „ეთნოგრაფიულ მუზეუმში“ დაგეგმილ ღონისძიებაზე,
2 ივლისს 11:00 საათზე კულტურის სამინისტრომ დაგეგმა ახალი სიპის „მართვეს“ პრეზენტაცია. რა თქმა უნდა, ღონისძიებაზე იქნებიან „მართვეს“, როგორც პირველი თაობის, ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები. „მართვეს“ ახალი თაობა ახალ შინდისფერ ჩოხებში იქნება გამოწყობილი, რომელიც მათ სამინისტროსგან საჩუქრად გადაეცემათ. ყველას ველით „ეთნოგრაფიულ მუზეუმში“.
აუცილებლად უნდა გკითხო „ირიაოზეც“, როგორც ვიცი, გუშინ გამოსვლა გქონდათ,
პანდემიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა „ირიაოს“, რადგან მსმენელთან შეხვედრის არანაირი საშუალება არ გვქონდა. ახლა ცოტა ამოვისუნთქეთ, მოგვეცა ჩვენი შემოქმედების წარმართვის და მსმენელთან შეხვედრის შესაძლებლობა. გუშინ არაჩვეულებრივი საღამო ჩატარდა გია ყანჩელის სახელობის ბაღში. სამდღიანი ფესტივალის „საღამოს ჯაზის“ ბოლო საღამო „ირიაომ“ დახურა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად სხვა შემსრულებლებიც იყვნენ. ძალიან საინტერესო საღამო იყო, დაახლოებით 30 წუთიანი პროგრამა შეასრულა „ირიაომ“. ძალიან გაგვიხარდა მსმენელთან შეხვედრა. ზაფხულის პერიოდშიც გვაქვს გეგმები და გული მაქსიმალურად მიგვიწევს ჩვენი შემოქმედებისკენ და მსმენელისკენ.
გადაცემის ჩანაწერი: