LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სიურპრიზები „ირიაოს“ 10 წლის იუბილეზე – დუეტები ანდრო დგებუაძესთან, კაბუსთან და თბილისის ქალთა გუნდთან

245
ირიაო

14 ივნისს, რუსთაველის თეატრის დიდმა დარბაზმა ანსამბლ „ირიაოს“ 10 წლის იუბილეს უმასპინძლა.

„ირიაო“ ეთნოჯაზბენდია, რომელიც დავით მალაზონიამ და ბუბა მურღულიამ დააფუძნეს.

10 წლის განმავლობაში ანსამბლმა მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორის 2015 წელს გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო – „გზავნილები გია ყანჩელს“ და 2019 წლის „ევროვიზია“, სადაც ჯგუფი საქართველოს სახელით მონაწილეობდა.

განვლილი 10 წელი მუსიკალურად რუსთაველის თეატრის სცენაზე სწორედ 14 ივნისს წარმოადგინეს.

კონცერტის განმავლობაში ბევრი მუსიკალური სიურპრიზი ვიხილეთ.

მაყურებლისთვის სრული მოულოდნელობა იყო „ირიაოსთან“ ერთად ცნობილი ქოუჩის, ანდრო დგებუაძის ხილვა, რომელმაც საინტერესო ინსტრუმენტზე დაუკრა და მიშო ჯავახიშვილთან ერთად არაჩვეულებრივი პერფორმანსი შემოგვთავაზა, როდესაც Take 5 იმპროვიზაციულად წარმოადგინა – მიშომ ინსტრუმენტების გარეშე, მხოლოდ ხმით დუდუკები განასახიერა, ხოლო ანდრომ – საქსოფონი…

 

Posted by Memo Art on Wednesday, 14 June 2023

 

კონცერტში მონაწილეობდა ქეთი ქართველიშვილი, რომელმაც გია ყანჩელის მელოდია „კავკასიური ცარცის წრიდან“,„ ჩემი სიყვარული“ და „ძველი ამბავი“ შეასრულა.

თავად ანსამბლის წევრებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც ეკრანზე გავიდა ვიდეოები, სადაც ვახტანგ კახიძე, ზაზა მარჯანიშვილი, ნანა ჯანელიძე, გია მურღულია და სხვა ცნობილი სახეები „ირიაოს“ შესახებ საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ჯგუფმა დიდი ხანია, იპოვა საკუთარი ხელწერა და ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კომპოზიტორ დავით მალაზონიას დამსახურებაა, ჯგუფის მთლიან შემადგენლობასთან ერთად.

კიდევ ერთი მოულოდნელობა კონცერტის ბოლო ნაწილში გველოდა, როდესაც „ირიაოსთან“ ერთად რეპერი და მსახიობი კაბუ ვიხილეთ. მან „ბაღდადურის“ კომპოზიციაში საკუთარი წვლილი შეიტანა და ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.

ღონისძიების სტუმრები გახლდნენ კემო და სიმებიანი კვარტეტი სალომე ბუკიას, ეკატერინე გორგაძის, ეკატერინე საფარიშვილისა და სამველ პერიხანიანის შემადგენლობით.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყო წარმატებული ქართველი ჩელოისტი ლიზი რამიშვილი, რომელმაც კომპოზიცია „ჩონგური“ თავისი ბრწყინვალე შესრულებით გაალამაზა.

აღსანიშნავია, რომ „ირიაოს“ ტრიო გაგა აბაშიძის, მიშო ჯავახიშვილისა და ბუბა მურღულიას შემადგენლობით, ქართულ სამუსიკო სივრცეში ერთ-ერთ საინტერესო ტრიოდ მიიჩნევა, რომელიც დავით მალაზონიას მიერ შექმნილ ურთულეს და საინტერესო კომპოზიციებს სრული სიზუსტით ასრულებს.

„ირიაოს“ წევრები არიან შესანიშნავი მუსიკოსები დავით ქავთარაძე, შაკო ღელეყვა და სანდრო სახამბერიძე.

ღონისძიების ერთ-ერთი ბოლო ნომერი იყო „შენი გულისთვის“, „ევროვიზიაზე“ შესრულებულ სიმღერას ახალი სუნთქვა შესძინეს და ის თბილისის ქალთა გუნდთან ერთად წარმოგვიდგინეს, ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.

ბისზე მოხმობილმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ეჩვენებინა, როგორია „ცალი ფეხით ევროპაში შესული ქართველი“ და „მეცხრე სიმფონია“ შეგვისრულა…

ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია „მემო არტი“, ხოლო საღამოს მხარდამჭერები გახლდნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. კონცერტი „პირველი არხის“ ეთერით გადაიცემა.

ფოტო: გიორგი ცაავა

პოპულალურები