4 მაისს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართა ჯგუფ „ირიაოს“ სოლოკონცერტი და ახალი დისკის „კამარა“ პრეზენტაცია. ალბომმა ჯგუფისთვის წლების განმავლობაში მაესტრო დავით მალაზონიას მიერ შექმნილი კომპოზიციები გააერთიანა – სიმღერები ქართულ ფოლკლორზეა „დაშენებული“ და მის საინტერესო ჯაზურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
„ირიაოს“ შემადგენლობაში უკვე გამოცდილ მუსიკოსებთან ერთად, ახალი წევრებიც არიან – დავით მალაზონიას, მიშო ჯავახიშვილს, ბუბა მურღულიას, გაგა აბაშიძესა და დავით ქავთარაძეს სცენაზე გვერდს უმშვენებდნენ ირაკლი მენაღარიშვილი, ლუკა და საბა ქიტიაშვილები და შაკო ყარყარაშვილი.
კონცერტის განმავლობაში მოვისმინეთ არაერთი საინტერესო კომპოზიცია, რომელთა ნაწილიც თავად მალაზონიას შექმნილია, ნაწილი კი – უკვე ცნობილი ნაწარმოებების მისეული ვერსიებია. მათ შორის არის „ერეხელი“, პოპულარული მეგრული სიმღერა, რომელიც, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, რეპის ელემენტებით სრულდება და ამ სიმღერის ძალიან ორიგინალურ ვარიანტს წარმოადგენს.
„ირიაოს“ ტრიოს განსაკუთრებული ვოკალური უნარები აქვს და ამას უკვე წლებია, შექმნის დღიდან (2013 წელი) წარუდგენს ერთგულ მსმენელს.
ეთნო ჯაზ-ჯგუფის მუსიკალური შემოქმედება რთულ ვოკალურ პარტიებზეა დაფუძნებული, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს სამივე შემსრულებელი. ეს არის ერთიანობაც და ერთგვარი შეჯიბრებაც ვოკალისტებს შორის, გრიბოედოვის თეატრის სცენა კი საუკეთესო სარბიელი გახდა ამ მუსიკალური ასპარეზობისთვის.
ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია დუდუკის პარტია, რომელსაც „ირიაოს“ სოლისტები ვოკალით ასრულებენ.
რასაკვირველია, ცალკე შეიძლება აღინიშნოს ის შესანიშნავი ინსტრუმენტალისტები, რომლებიც „ირიაოს“ ჟღერადობას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიან.
„ირიაოს“ განსაკუთრებული გეგმები აქვს, ვინაიდან ჯგუფმა ესპანურ საპრომოუტერო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.
კონცერტის ორგანიზატორი – კომპანია “Be Mark” (საკონცერტო პროგრამის პროდიუსერი გახლდათ ნეკა სებისკვერაძე, რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი, ხოლო სასცენო მხატვრობის ავტორი – ვანო ჭელიძე).
კონცერტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო; სსიპ “შემოქმედებითი საქართველო” და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
საინფორმაციო მხარდამჭერი: საქართველოს საზოგადობრივი მაუწყებელი და რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”
ფოტო: გიორგი ცაავა
