პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, თუ რატომ არ დაუწესა საქართველომ რუსეთს სანქციები.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც, უსაფრთხოების გამო, რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები არ დაუწესა:
“მკაფიოდ ვთქვით, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკთან ერთად, ერთ კვირაში ვმართეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს, საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები.
ეს არის ჩვენი მოტივაცია. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს უსაფრთხოების გამო. მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვართ პარტნიორებთან.
მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო, შეიძლება მეტი უსაფრთხოების გამოწვევა აქვს მას”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მან საუბრის დროს 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ საკმარისი ყურადღება მსოფლიოში არავის გამოუხატავს:
“კარგი შესაძლებლობა მეძლევა იმ გამოწვევების შესახებ სასაუბროდ, რომლის წინაშეც ვიმყოფებით.
ნამდვილად განსხვავებულია ახლა სამყარო. ჩვენ ვართ იმის მომსწრე, თუ როგორ იცვლება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.
თქვენ თავად ბრძანეთ, რომ უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება და, პრინციპში, მათთან ერთად გვიწევს არსებობა. ეს არის რეალობა. ამდენად, ეს არის მიმდინარე ოკუპაცია.
ყველას მინდა შევახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს, მსოფლიოში, მოდით პირდაპირ ვთქვათ, არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო გახდა რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი.
რუსეთმა მოახდინა მეზობელი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და ამას რეაქცია არ მოჰყოლია. მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი!
ამდენად, 2014 წელს მსოფლიო გაოცებული დარჩა, როდესაც ყველამ ვიხილეთ ყირიმის ანექსია. სულ ახლახან, 2022 წელს, გავხდით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომსწრე. თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო – სად დგას საქართველო ამ ვითარებაში – თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რომ რუსეთის ჯარებთან ერთად გვიწევს არსებობა – მოდით ღიად ვთქვათ – საქართველო საკმაოდ მოწყვლადია ამ სიტუაციაში.
რა თქმა უნდა, გვაღელვებს უსაფრთხოების საკითხი ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე – იქნება ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო, ჩვენ 260 და მეტ რეზოლუციას და განაცხადს მივუერთდით, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო”, – განაცხადა პრემიერმა.