LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცესი დაიწყო 20 ივნისს და გადაიზრდება თუ არა ის პოლიტიკურ ცვლილებებში – წამზომი ჩართულია

260
მტავარი აქცია

საქართველო 2022 წლის 20 ივნისამდე და 20 ივნისის შემდეგ – აქცია, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ერთი მიზნით – ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის გააერთიანა, შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი აღმოჩნდეს.

რუსთაველზე ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავალი და არჩევანი მნიშვნელოვანია. აქ არ იყო მხოლოდ ერთი ან ორი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი მოსული, არამედ ყველა, მათ შორის, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც.

აქციაზე კონკრეტული მოთხოვნები და გეგმაც კი მოვისმინეთ. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, რა იქნება ახლა, აქციის შემდეგ, გარდა იმისა, რომ 24 ივნისს მორიგი შეკრება დაანონსდა. რა უნდა მოხდეს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდეს და საქართველომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას, ნიშნავს თუ არა 20 ივნისის აქცია დიდი პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისს და ეს რაზეა დამოკიდებული – ამ კითხვებით ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები ჩავწერეთ.

 

 

რა მოხდა 20 ივნისს აქციაზე

 

20 ივნისის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მცირე დაპირისპირება იყო პოლიტიკოსების ნაწილსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა გამოსული აქციაზე სიტყვით და ვინ – არა, თუმცა ეს დაპირისპირება, სოციალურ ქსელს არ გასცდენია. ყველა აცნობიერებდა იმას, რომ ეს იყო საკითხი, რაზეც ახლა კამათი არ ღირდა.

ასე აღმოჩნდა 150 ათასამდე ადამიანი რუსთაველის გამზირზე – როგორც უცხოური მედია წერდა. აქციაზე სიტყვით გამოდიოდნენ სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც როგორც თავად ამბობდნენ, 9 აპრილის შემდეგ აქციაზე არ გასულან. ასეთი იყო მაგალითად რუსუდან ფეტვიაშვილი.

რამდენი ათასი ადამიანი იყო აქციაზე - შინ ევროპისკენ

მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი - 160 000.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს თვალს რომ გადაავლებდი, საზეიმო  განწყობა იყო.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სახალხო მოძრაობის შექმნა და 24 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა. სწორედ პარასკევს გახდება ცნობილი კონკრეტული სამოქმედო გეგმაც.

სახალხო მოძრაობის ეროვნულ საბჭოში კი კონსენსუსის საფუძველზე გაერთიანდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და „ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე“, ხოლო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება მძლავრი, მასობრივი დაუმორჩილებლობის დაწყება – ასეთი იყო დიღმელაშვილის გამოსვლის მთავარი ნაწილი.

 

„ნაცების“ აქციიდან – აქციის ორგანიზატორობამდე

 

20 ივნისამდე ხელისუფლება და “ქართული ოცნების’ მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ საზოგადოება არ მოტყუვდებოდა და “ნაცმოძრაობის” დაგეგმილ “პროვოკაციულ” აქციაზე არ გამოვიდოდა. მას შემდეგ კი, რაც 21 ივნისს ქუჩაში მრავალი ადამიანი შეიკრიბა, “ოცნება” ხალხის ევროპისკენ რეალურ სწრაფვაზე ალაპარაკდა. უფრო მეტიც, ზოგმა თქვა, რომ იქ მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც იყვნენ, ზოგმა კი განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მათი მეგობრებიც გავიდნენ.

დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა პარტიასთან „აფილირებული“ ადამიანები იყვნენ და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან.“ 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს გამართული ხალხმრავალი, მშვიდობიანი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბაკურიანში დაგეგმილი“ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ – „სირცხვილიამ“ დაიწყო, მაგრამ „ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული“.

იგივე რიტორიკა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს – მამუკა მდინარაძეს. მან აქციის მეორე დღეს – 21 ივნისს თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ბაკურიანში დაგეგმილი“ რევოლუციური სცენარი წყალში იმიტომ ჩაეყარა, რომ 20 ივნისის აქციაზე ბევრი ხალხი, და მათ შორის – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც მივიდნენ.

სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, დეპუტატებმა ბექა დავითულიანმა და ირაკლი ზარქუამ თქვეს, რომ 20 ივნისს, აქციაზე მათი მეგობრებიც გავიდნენ.

 

შექება და მხარდაჭერა საერთაშორისო  პარტნიორებისგან

 

ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო“, – ეს სიტყვები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ეკუთვნის.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა.

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ “საქართველო ევროპაა და ქართველ ხალხს აქვს ძალა, თავისი ქვეყნის ბედი განსაზღვროს”.

“საქართველო ევროპაა, რადგან ხალხი ასე ამბობს! ეს არის ქვეყანა ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით.

კრამონი: საქართველო ევროპაა, რადგან ხალხი ასე ამბობს! ევროკავშირის კარები ფართოდ ღიაა თქვენთვის

"რც ერთ პოლიტიკურ პარტიას ან გარე ქვეყანას არ შეუძლია ამის შეცვლა. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, რომ განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი" - აღნიშნულია ევროპარლამენტარის "ტვიტში".

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ან გარე ქვეყანას არ შეუძლია ამის შეცვლა. ევროკავშირის კარები ფართოდ ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, რომ განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”, – წერს ევროპარლამენტარი.

აქციას სხვა ევროპარლამნეტარებიც გამოეხმაურნენ, ნაწილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა კიდეც.

განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.

“შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

რა პროცესი დაიწყო და როგორ დასრულდება

 

ვის რა მოლოდინი აქვს ახლა, რა უნდა გაკეთდეს, რომ 20 ივნისის მუხტი არ დაიკარგოს და საბოლოო შედეგში აისახოს, ვისთვის რა არის შედეგი – ამ თემებზე ჩვენ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.

ის გვეუბნება, რომ ახლა ჯერი ოპოზიციაზეა და საჭიროა, მათ სწორად იმოქმედონ, რადგან როგორც ექსპერტი ამბობს, აქციაზე ერთი რამ გამოჩნდა – ხალხს არ მოსწონს ის პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს.

„ვითარება აჩვენებს, რომ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი იზრდება. ძალიან ახლოს არის საზოგადოება იმასთან, რომ პრობლემები გადალახოს და ოპოზიციური ამომრჩეველი გაერთიანდეს. ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს და შესაბამისი ზომები მიიღოს. თუ ოპოზიციამ ისევ ძველი მეთოდით გააგრძელა ბრძოლა, დაიწყო პერმანენტული აქციები და ა.შ. მაშინ ის იმ მუხტსაც ჩაახშობს, რომელიც გუშინდელ აქციაზე გაჩნდა“, – ამბობს ძაბირაძე.

ექსპერტს პერმანენტული აქციების ჩატარების იდეა არ მოსწონს. ის აცხადებს, რომ აქცია შეიძლება 24 ივნისსაც გაიმართოს, მაგრამ მუდმივი საპროტესტო გამოსვლების დრო არ არის, რადგან მისი თქმით, პოლიტიკურად არ არის კარგი დრო და თუ აქციები ჩაფლავდა, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი არ იქნება.

სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ცენტრის ექსპერტი ვანო მაჭავარიანი კი გვეუბნება, რომ მთავარი არის იმ პუნქტის შესრულებაა, რასაც დეოლიგარქიზაცია ჰქვია.

„მოლდოვამ მიიღო სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც არის ევროპული კანონმდებლობა – დეოლიგარქიზაციის შესახებ. იგივე გზას ადგას უკრაინა. დღევანდელმა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას, არის მიიღოს მსგავსი კანონი, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება, რომელიც თუ პოლიტიკური ნება არსებობს, შესასრულებელია. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ პირობებს არ შეასრულებს, საქართველოს პერსპექტივა მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ნული იქნება.     

ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უარყოფს ნებისმიერ პრობლემას, ეძებს საფრთხობელას ყველგან, გარდა თავის პოლიტიკურ რეალობაში. „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ევროპის, საზოგადოების და ოპოზიციის ბრალია, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელი ეშლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღეს „სირცხვილია“ კიდევ ერთ აქციას გეგმავს.

 

 

magti 5g