20 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი ქეთი ფარესაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ კარიერაზე, ფესტივალზე „თბილისი რიტმი“ და ახალ ნამუშევარზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „მზე და ზღვა“ პრემიერა შედგა.
– ქეთი, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა შენი და ზაზა ხუციშვილის სიმღერა „სამბა“. ეს ნამუშევარი იყო შენი მუსიკალური კარიერის პირველი, მთავარი ტრამპლინი?
„სამბა“-მდე იყო ტანია მარიას კომპოზიცია „Bom Bom Bom, Tchi Tchi Tchi“, ეს იყო სიმღერა, რომლითაც გამიცნო საზოგადოებამ. ამის შემდეგ იყო „სამბა“. გადმოვაქართულეთ სიმღერა „Não Deixe O Samba Morrer“. მაშინ ტელეკომპანია „მაესტრო“ არსებობდა და მამუკა ღლონტს და მათ ეკუთვნით ამ სიმღერის შექმნის იდეა. ზაზამ თავისებურად გადააკეთა ტექსტი და ასე შეიქმნა ეს ნამუშევარი.
– უცხოენოვანი სიმღერების სიყვარული საიდან, რა პერიოდიდან მოგყვება?
ბავშვობიდან ვმღერი ყველანაირ სიმღერას, ქართულსაც და უცხოურსაც. სულ მქონდა სიმღერისკენ მიდრეკილება. მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და იქაც დასვენებაზე რომ ვიკრიბებოდით ბავშვები, სულ ვუკრავდით და ვმღეროდით. ზოგადად ინგლისური ენის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და შემდეგ იმისთვის, რომ სხვა ენებზე მემღერა, სპეციალურად შევისწავლე ცოტა იტალიური, ესპანური, ფრანგული და პორტუგალიური. შემდეგ პრაქტიკა აღარ მქონია და ახლა იმ დონეზე ვიცი, რომ შემიძლია წავიკითხო და ლექსიკონის დახმარებით ვთარგმნო. ჩემი რეპერტუარში ძირითადად ინგლისური და ბრაზილიური სიმღერებია, თუმცა მაქვს ქართულებიც.
– მოგვიყევი 24 ივნისს დაგეგმილ სოლოკონცერტზე…
24 ივნისს „ოტიუმში“ ტარდება შესანიშნავი ღონისძიება, „თბილისი რიტმი“, რომელსაც ანი ლაღიძე აკეთებს და რომელიც ანის მამის, სოსო ლაღიძის, ჩვენი უსაყვარლესი და საამაყო ადამიანის სახელობისაა. უბედნიერესი ვარ, რომ ბატონი სოსოს სახელობის ფესტივალში ვიღებ მონაწილეობას. ეს ფესტივალი 15 ივნისს იტალიელმა ჯაზმენებმა გახსნეს, მართლა ჯადოსნური საღამო იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ მერე მე ვარ ფესტივალის მეორე მონაწილე. ღონისძიებაზე სიმღერებს დავით ილურიძის ბენდთან ერთად შევასრულებ. დაახლოებით 18-20 სიმღერას შევასრულებ, მათ შორის რამდენიმე ახალი ნამუშევარიც იქნება, რომლებიც დათო ხუჯაძის პროდიუსერობით ჩაიწერა და რომელთა არანჟირებაც ბორიკო შხიანს ეკუთვნის.
– დღეს სიმღერის „მზე და ზღვა“ პრემიერა შედგება. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი?
ეს სიმღერა 2018 წელს დათო ხუჯაძის სტუდიაში ჩაიწერა. არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი გახლავთ. ზოგადად ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურება და ეს სიმღერაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციიდან, „რიო“-დან ამოვარჩიე და შემდეგ გადავაკეთეთ. ტექსტი მანანა გურგენიძეს ეკუთვნის.
ქეთი ფარესაშვილი – მზე და ზღვა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქეთი ფარესაშვილი – ბუნგალო ზღვაზე. Live
ქეთი ფარესაშვილი. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი