LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ არსებობს სიტყვები, ყველაზე საშინელი კოშმარია, რომ შენი ოჯახის წევრს ამ გზით ემუქრებიან“ – რუსეთის მარიონეტული სასამართლო უკრაინაში მებრძოლ ბრიტანელ მოხალისეს სიკვდილით დასჯას უპირებს

138
ბრიტანელი მოხალისე

ბრიტანელ მამაკაცს, რომელსაც რუსეთის მარიონეტული სასამართლოს მიერ უკრაინაში ბრძოლისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, განუცხადეს, რომ განაჩენი მალე აღსრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას BBC მსჯავრდებულის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანელმა მოხალისემ, ეიდენ ასლინმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, შეძლო ოჯახთან დაკავშირება და განაცხადა, რომ „დრო იწურება“ და რუსი „ბოევიკები“ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას მალე აღასრულებენ. მან ასევე თქვა, რომ დამპყრობლების ცნობით, ბრიტანულ მხარეს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან“ მის ბედზე მოლაპარაკება არ ჰქონია.

„არ არსებობს სიტყვები, უბრალოდ სიტყვები, ყველასთვის ყველაზე საშინელი კოშმარია, რომ შენი ოჯახის წევრს ამ გზით ემუქრებიან. ეიდენი უკიდურესად აღელვებული იყო, როცა ამ დილით დედას დაურეკა. მისი ზარის შემდეგ ძალიან ბევრი ვიტირე, მაგრამ ტირილი არ უშველის. არ მინდა იმედი დავკარგო.

მთავარი კი ისაა, რაც მას DPR-იმ („დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“) უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფოდან მათთან კონტაქტი არავის ჰქონია და რომ მას სიკვდილით დასჯიან. მე უნდა დავიჯერო ის, რაც ეიდენმა გვითხრა, რომ თუ DPR  რაიმე პასუხს არ მიიღებს, მაშინ ისინი სიკვდილით დასჯიან. ცხადია, იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.“– განუცხადა BBC-ის ეიდენის ბებიამ, პამელა ჰოლმა.

როგორც მანვე აღნიშნა, ეიდენ ასლინი თავის უკრაინელ საცოლეზე მალე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც დიდ ბრიტანეთში მისი დატყვევების შემდეგ ჩავიდა.

როგორც BBC წერს, გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო წყაროები მიუთითებენ, რომ მინისტრებს ამჟამად არ სურთ უშუალოდ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ყალბი რუსული ნარატივი იმის შესახებ, რომ ისინი დაქირავებულები არიან.

ეიდენ ასლინი უკრაინაში 2018 წელს გადავიდა და რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე წლით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მსახურობდა.

 

 

magti 5g