საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრეზიდენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო.
„როდესაც ვხედავთ კადრებს კრემენჩუკიდან, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ცნობისთვის, 16-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკში, სადაც რუსი სამხედროების მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ამსტორს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტელეგრამის” გვერდზე დაწერა, რომ დაბომბვის დროს სავაჭრო ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.