LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც 600 ლარამდე აქვთ ხელფასი – 2400 ლარზე მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რიცხვი კი გაიზარდა“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

46
ხელფასების ზრდა

2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს პიემსი კვლევითი ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე.

 

 

– ნიკა, რა მონაცემები გაანალიზეთ ამ მიმოხილვით?

– თქვენს შესავალში აღნიშნული ციფრები არის შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომელიც ყოველთვიურად ქვეყნდება. დასაქმების ივნისის ტრეკერში, რომელ პუბლიკაციაზეც ახლა ვსაუბრობთ, მაისის თვის მონაცემები გვაქვს  განხილული და ეს არის ის რეალური ბაზა, რა ხელფასების ჩარიცხვაც რეალურად ხდება.

თავისი პლუსები აქვს ამ ბაზარს, ძალიან სწრაფად ახლდება და  ზუსტად ასახავს რეალობას. სტატისტიკური განსხვავებები შეიძლება, იყოს თვეებს შორის, თუ ხელფასმა დაიგვიანა წინა თვეში, როცა ჩაირიცხება, მაშინ აისახება. 

რომ დავაკვირდით, მეცამეტე ხელფასის გამო დეკემბერში საკმაოდ გაზრდილია ხოლმე ხელფასები. თავისი გასათვალისწინებელი ფაქტორები ამ ბაზარსაც აქვს, მაგრამ ყველაზე სწრაფად დასაქმების ბაზარზე დაკვირვების საშუალებას სწორედ ეს ბაზა იძლევა. ასევე არსებობს საქსტატის ბაზა, რომელიც კვარტალურად ტარდება და დაფუძნებულია კვლევაზე და გამოკითხვაზე.

– რას გვეუბნება ეს მონაცემი? ფაქტია, რომ ხელფასის ამღებთა ადამიანების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მინიმალური ხელფასის ამღებთა რაოდენობა, შემცირებულია…

– ამ დაკვირვებას ზედიზედ ბევრი თვეა ვახორციელებთ. მას შემდეგ რაც კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, თითქმის ყოველ თვე ვხედავთ დინამიკას.

დაახლოებით 3-დან 10 % დიაპაზონში გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებენ. თუმცა კატეგორიებად როდესაც ვშლით, 600 ლარამდე ვისაც აქვს ხელფასი, მათი რაოდენობა, შემცირებულია და ვისაც უფრო მაღალი, 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ, მართალია შედარებით უფრო ნაკლებია პროცენტულად, მაგრამ  მათი რაოდენობა გაზრდილია.

დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ამის მიზეზი პირველ რიგში არის ინფლაცია, რომელიც საკმაოდ მაღალია ბოლო პერიოდში და  რაც ისახება ხელფასებზე.

მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, ფაქტი, რომ ქვედა კატეგორიაში, ანუ დაბალ ანაზღაურებად კატეგორიაში, ნაწილმა დაკარგა სამუშაო.

– საინტერესო ტენდენციაა, რომ ვაკანსიების რაოდენობა იზრდება და სულ გვესმის ბიზნესისგან, რომ ისინი დასაქმებულ ადამიანებს ეძებენ, არ ჰყავთ მუშახელი, მათ შორის დაბალანაზღაურებად სეგმენტში. უცნაურობაა, როცა ბიზნესები ცალკე მუშახელს ეძებენ და ადამიანები ამბობენ, რომ არ არის სამუშაო ადგილები.

– გამოკვეთილი უცნაური თვისებაა ჩვენი შრომის ბაზრის. ჩვენი გამოცემა ყოველთვიური გამოცემა jobs.ge-სთან პარტნიორობს. ყოველთვიურად ვაკვირდებით  სხვადასხვა სექტორში განთავსებულ ვაკანსიებს. ვხედავთ, რომ განსაკუთრებით მაისის თვეში პოზიტიური დინამიკაა, 7000 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 49%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის მაისში იყო.

მონაცემები ამ წლის აპრილის თვეს რომ შევადაროთ, 5 ათას შვიდასი ვაკანსია იყო გამოქვეყნებული და ახლა 1300 ვაკანსიით მეტია. ეს პირდაპირ შეიძლება დავუკავშიროთ ტურისტული სეზონის დადგომას.

მაისის თვეში ნაკლებად, მაგრამ წინა წელს როცა ვადარებდით, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გამოცხადებულ ვაკანსიები, საკმაოდ მზარდი იყო.  ესეც მნიშვნელოვანი ტრენდია, რომელიც შეიძლება გამოვყოთ ვაკანსიებზე დაკვირვებისას.
უმუშევრობის მაჩვენებელი 20 %-მდეა და ამავდროულად ვხედავთ, რომ ვაკანსიები იზრდება.

ამის ერთადერთი ახსნა არა, მაგრამ დიდწილად ახსნა შეიძლება იყოს, ის, რომ არასათანადო უნარებით არიან აღჭურვილი, ვინც სამსახურს ეძებს.

გარდა ამისა, შეიძლება არ იყოს მიმზიდველი ის ვაკანსიები, რომელიც გამოცხადებულია.

ტურიზმის სექტორს საკმაოდ მიმზიდველი ვაკანსიები აქვს, რადგან ორი წლის განმავლობაში, პანდემიის დროს დაკარგა სტაბილურობა. ბევრი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, ბევრმა ადამიანმა შეიცვალა პროფილი და მიტანის სერვისში გადავიდა, რომელიც ამჯერად უფრო მიმზიდველად ეჩვენება.

– მგონია, რომ არასტაბილურობის განცდამ თავისთავად გამოიწვია შედარებით დაბალი კატეგორიის გადამისამართება სხვა სექტორებში…

– ეს მარტო რიცხვებიდან არ ჩანს. სხვა პროექტების ფარგლებშიც ვესაუბრებით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს და მუდმივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფიქსირებენ ამ პრობლემას, რომელიც ყველაზე მკვეთრი გამოწვევაა სექტორის.

– ამ ფონზე პრემიერის  განცხადებები, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, როდესაც ასეთი მაღალი უმუშევრობა და ინფლაცია გვაქვს, ალბათ ცოტა უხერხულია. მთლიანობაში გადასახედია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც თუნდაც ამ უცნაურობას, რომ ერთი მხრივ ბიზნესი ეძებს და მეორე მხრივ დასასაქმებელი ადამიანი ამბობს, რომ სამუშაო არ არის, ამას მაინც აღმოფხვრიდა.

– ინფლაცია ურტყამს ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს, ამიტომ უმუშევრობასთან ერთად ინფლაციაც გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება უცნაურობის აღმოფხვრას, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ამ მიმართულებით ბევრი ღონისძიება ხორციელდება და როგორც ვხედავ, უშედეგოდ. ახლახან ჩამოყალიბდა უნარების სააგენტო განათლების სამინისტროს ბაზაზე, რომელიც კერძო სექტორთა პარტნიორობით არის შექმნილი.

ამ ინიციატივის მიზანია, რომ ბიზნესიდან წამოსული ინიციატივების და ბიზნესიდან წამოსული მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს განათლების მიღება სხვადასხვა პროფესიულ თუ უმაღლეს საფეხურზე.

ეს შეიძლება ცოტა გრძელვადიანში იყოს დროში, მაგრამ შესაძლოა იყოს ერთადერთი გამოსავალი, რომ ბიზნესის მოთხოვნები და ბაზარზე არსებული სიტუაცია დაახლოვდეს ერთმანეთთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g