LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდი – ავიცენას რჩეული მკურნალი

112
ვარდი

ყვავილთა დედოფალი ვარდი მხოლოდ მშვენიერებისა და საუცხოო სურნელის გამო როდის ფასობს. მას, ძველთაგანვე იყენებდნენ კოსმეტიკასა და მედიცინაში. ჯერ კიდევ ავიცენა წერდა, რომ ვარდი საუცხოოდ ახშობს ოფლის სუნს, მისი გასრესილი ფურცლები აქრობს მეჭეჭებს და კარგი საშუალებაა წითელი ქარის სამკურნალოდ. გამხმარი ვარდის ნახარში სასარგებლოა ქუთუთოების შეშუპებისა და თვალების ანთების დროს. ფოთლების ნახარში ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, ასუფთავებს სახის კანს. შეგახსენებთ, რომ ეს ნაწერი ავიცენას ეკუთვნის.


არომათერაპიაში ვარდს განსაკუთრებული ადგილი უკავია. თანამედროვე ფიტოთერაპევტები კი მას სასუნთქი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ გვთავაზობენ. წარმატებით იყენებენ ხველებისა და რესპირატორული, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის (ასთმა) დაავადებათა თერაპიისთვის. კუჭ–ნაწლავის პათოლოგიების დროს ვარდის ზეთი აქრობს ანთებას და ხელს უწყობს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას, ხსნის გულისრევას და ყაბზობას. ვარდის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს, რადგან ძნელად მოიპოვება – ერთი წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო. ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. ის, 300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.

ვარდს აქვს ანტიდეპრესული, დამამშვიდებელი, სპაზმების მომხსნელი, გამწმენდი, ამოსახველებელი, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა ფუნქციის მარეგულირებელი, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მასტიმულირებელი, მენსტრუალური ციკლის დამარეგულირებელი მოქმედება. გამოიყენება ნევროზის სამკურნალოდ, შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებისათვის, ჰორმონალური ბალანსის მოსაწესრიგებლად, ორგანოებში მიმდინარე სკლეროზული პროცესების შესაფერხებლად, უჯრედთა რეგენერაცია – გაახალგაზრდავებისთვის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ლორწოვანი გარსის შეხორცების დასაჩქარებლად, კუჭის ფერმენტული უკმარისობისა და დისბაქტერიოზის ლიკვიდაციისათვის.

ქალებისთვის მეტად სასარგებლოა ვარდის ზეთით წელის დაზელა. მისი მასაჟი შესანიშნავია მოსადუნებლად და განსატვირთად. ვარდის ზეთიანი აბაზანა საუცხოოდ ხსნის სტრესს და დაძაბულობას. ვარდის ფურცლებზე დაყენებული ძმრით ინფიცირებულ ჭრილობებს მკურნალობდნენ, ღვინოს კი კუჭ–ნაწლავის ფუნქციის მოსაწესრიგებლად სვამდნენ. ცნობისათვის ძველ რომში ძალიან უყვარდათ შაქარში არეული ყვავილებით ყელის ჩაკოკლოზინება. აღმოსავლეთში საგანგებო სტუმრებს, ვარდის მურაბითა და ვარდის ფურცლების ნაყენით უმასპინძლდებოდნენ. ვარდის მურაბას დღესაც მრავალ ქვეყანაში ამზადებენ. მას საუცხოო არომატთან და სურნელთან ერთად სამკურნალო თვისებებიც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები