LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ამ პროექტის განხორციელებაა… გვინდა, საზოგადოებამ დაინახოს, რა დიდი სულიერი სიმტკიცის მოღვაწესთან და როგორი ეროვნული სულისკვეთების გმირთან გვაქვს შეხება“ – ნიკოლოზ ხომასურიძე

102
nikoloz-xomasuridze

13 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გახლდათ, რომელმაც თავის ახალ პროექტზე ისაუბრა.

 გადაღებული გაქვთ ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. ახლახან გაჟღერდა, რომ ახალი ფილმის გადაღებას გეგმავთ, რომელიც მამა გაბრიელის შესახებ იქნება, მოგვიყევით ამ ფილმის შესახებ.

ჩვენ, ქართველებს ძალიან დიდი გმირები გვყავს და გვაქვს ძალიან დიდი ისტორია, რაც აუცილებლად უნდა გავაცოცხლოთ ეკრანებზე, წიგნებში, თეატრებში, რომ ჩვენი წინაპრების სულისკვეთება შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ამ პროექტის განხორციელებაა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ნიშანი მივიღე, იყო იმის მანიშნებელი პატარ-პატარა სასწაულები, რომ მამა გაბრიელი თავადაც ჩართულია ამ ყველაფერში. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა გადამეღო ფილმი მამა გაბრიელზე. გადავწყვიტეთ, აუცილებლად ჩავრთულიყავით ამ საქმეში და ტექნიკური და ფინანსური საკითხების დამუშავება დავიწყეთ. სამწუხაროდ, დღესდღეობით ან ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის ფინანსური მხარდაჭერა. გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები როგორც შემოქმედებით, ისე ფინანსურ ჯგუფებთან და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული ნაბიჯებით წინ ვართ. გვინდა, რომ ფილმის გადაღება 26 აგვისტოს, მამა გაბრიელის დაბადების დღეს დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც პირადად იცნობდნენ მამა გაბრიელს. ეს ადამიანები სასწაულ ისტორიებს ჰყვებიან. დღესაც ერთ-ერთ ქალბატონთან მაქვს შეხვედრა, რომელიც ფაქტობრივად მამა გაბრიელის მოწაფე, მისი სულიერი შვილი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფილმში მამა გაბრიელის სალოსური ქმედებები წარმოვაჩინოთ, რადგან მისმა თანამედროვეებმა ვერ გაიაზრეს, რას ნიშნავს სალოსური მოღვაწეობა და სწორად ვერ დააფასეს მამა გაბრიელის მოღვაწეობა. გვინდა, საზოგადოებამ დაინახოს, რა დიდი სულიერი სიმტკიცის მოღვაწესთან და როგორი ეროვნული სულისკვეთების გმირთან გვაქვს შეხება. მამა გაბრიელმა გაიარა ურთულესი ცხოვრება, წამება, ციხე, ფსიქიატრიული. ასეთი დიდი წნეხის გადატანა მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. თავს არ დავზოგავთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კარგად წარმოვაჩინოთ. ეს ფილმი სავსე იქნება სიყვარულით. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ნამუშევარმა ერი და ბერი გააერთიანოს.

არსებობს რაიმე ფონდი ან ანგარიშის ნომერი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება თავისი წვლილის შეტანას შეძლებს?

ნებისმიერს შეუძლია შემოგვიერთდეს, ეს ჩვენ ძალიან გაგვიხარდება. თანხას მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლიათ ჩარიცხონ იმდენი, რამდენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვთ. არსებობს „ფეისბუქ“ გვერდი „ბერი გაბრიელი ფილმი“, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ფილმთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები