უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
საგანგებო რეჟიმი ქალაქში 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ამის შესახებ “უნიანი” ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით იტყობინება.
“ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ნიკოლაევის ტერიტორიაზე 2022 წლის 5 აგვისტოს 23:00 საათიდან 2022 წლის 8 აგვისტოს 05:00 საათამდე შემოღებულია კომენდანტის საათი”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ვიტალი კიმი.
როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა განმარტა, ეს ნიშნავს, რომ იმოქმედებს ყველა ის წესი, რასაც კომენდანტის საათი გულისხმობს – აიკრძალება ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება ამ პერიოდში, სპეციალურად გაცემული საშვის გარეშე.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, იმუშავებს პოლიცია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი ქალაქში გადაადგილება აკრძალულია.
როგორც ნიკოლაევის ხელმძღვანელობა მიანიშნებს, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქალაქში გამოავლინონ ის ადამიანები, ვინც რუს ოკუპანტებთან ფარულად თანამშრომლობს და ინფორმაციას აწვდის.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში