LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

127
ცესკო

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანდიდატები არიან თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე.

ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი პარლამენტს ლევან ისაკაძის და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურები წარედგინა.

“რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.

ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: [email protected]. ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g