ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია. ის მიიღება რძისგან ფერმენტებითა და რძემჟავა ბაქტერიების შედედების პროცესში. განასხვავებენ ცხიმიან, ნახევრად ცხიმიან და უცხიმო ხაჭოს. ნახევრად ცხიმიან სახეობებს მიაკუთვნებენ აგრეთვე რბილ დიეტურ ხაჭოსაც. ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფტორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში აგრეთვე შედის B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა. კალციუმისა და ამინომჟავების უხვი შემცველობის გამო ხაჭო ფასდაუდებელია ტუბერკულოზური დაავადების, რაქიტის, ძვლების მოტეხილობისა და სისხლის პათოლოგიების დროს. ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომ რეკომენდებულია ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დროსაც.

ცილა ხაჭოში ბევრად მეტია. ადამიანის ორგანიზმი ხაჭოს ცილებს უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ხორცში, თევზში, თუნდაც რძეში შემავალ ცილებს, ამიტომ ხაჭო რეკომენდებულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვისაც. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებ რაციონში მის ჩართვას ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში, სწრაფი გამოჯანმრთელებისა და მოძლიერებისთვის. ხაჭოს შესწევს ღვიძლის გაცხიმოვნების პროფილაქტიკის, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, სისხლწარმომქმნელი და ნერვული სისტემების ფუნქციის შენარჩუნების უნარი. სასარგებლოა პანკრეასის, ღვიძლის, სანაღვლე გზების დაავადებათა დროს, რთავენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაციონში, კარგია მათთვის, ვინც ტრავმა ან დამწვრობა გადაიტანა. ხაჭო ამაგრებს ძვლებს, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა – განახლებას. გულის, ღვიძლის პათოლოგიებისა და ათეროსკლეროზული პროცესების დროს საკმარისია დღეში 100 გრ. ხაჭოს მიღება.

ცხიმი ხაჭოში არც თუ ისე ბევრია, ამიტომ მისი დახმარებით შესაძლებელია წონის დაკლება და რაც მთავარია კუნთოვანი მასის გაზრდა. ხაჭო არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და არ აძლიერებს მჟავიანობას. ოღონდ უმჯობესია გათხევადებული და არა მარცვლოვანი უცხიმო ხაჭოს მიღება, რადგან გაცილებით სწრაფად შეიწოვება. კიდევ უფრო სასარგებლოა შინ მომზადებული ხაჭო, რომელიც რძიდან შრატის გამოყოფით მიიღება. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას ცილებსა და კალციუმზე სულ ცხრა სუფრის კოვზი ხაჭო აკმაყოფილებს. ხაჭოს დიდი რაოდენობით მიღება, მეტადრე ცხიმიანისა, სასურველი არ არის. იგი ძლიერ კონცენტრირებული პროდუქტია და კვირაში 2-3-ჯერზე მეტად მისი მიღება არ არის სასურველი. ხაჭო ფრთხილად უნდა მიირთვათ ნაწლავთა პათოლოგიების დროს.
