LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა მესხი: „მელიქიშვილის გამზირი“ ჩემს სიმღერებში ცალკე დგას, რადგან ჩემს ზურა დოიჯაშვილს ეძღვნება… კარგი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ იყო ისეთი რაღაცები, რამაც გული მატკინა”

49
გოგა-მესხი

5 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ გოგა მესხი სიმღერის „ჩამოთოვა ისევ“ პრემიერით ესტუმრა. მომღერალმა გადაცემაში ცოცხლად შეასრულა სიმღერები „დაღამებულხარ ჩემო აპრილო“ და „იმღერე რამე“.

გოგა, როგორ გადააგორე პანდემიის პერიოდი, რომელმაც ძალიან მაგრად დაარტყა ხელოვნების სფეროს?

სამწუხაროდ, რთულად ისევე, როგორც ყველამ, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის. ახლა რომ მეკითხებიან, სად იყავი, სად დაისვენეო, ვპასუხობ, მადლობა, არ მინდა დასვენება, 2 წელი ვისვენებდი-მეთქი.

თუმცა არც პანდემიის პერიოდში ჩერდებოდი და შემოქმედებითად წინ და წინ მიდიოდი.

კი, ვწერდი სიმღერებს. მე ასე ვფიქრობ, რომ არ უნდა გაჩერდე.

ძალიან ბევრჯერ შემიმჩნევიხარ ვატო კახიძის პროექტებში.

ეს ჩემი კარიერის სიამაყეა. 2 წელია აღარ ყოფილა არაფერი, მაგრამ რაღაცები იგეგმება, დამიკავშირდნენ და ძალიან მახარებს ეს.

კლიპის გადაღებას თუ გეგმავ და რომელ სიმღერაზე?

„იმღერე რამეს“ გადაღება მინდა კარგა ხანია და ამაში მართლა ძალიან შემიშალა ხელი პანდემიამ. ვიღებ ძალიან ლამაზ გოგონას, ახალ, ძალიან ლამაზ საკონცერტო დარბაზში.

ჩვენ ეთერში ერთ-ერთი ძალიან მოთხოვნადი სიმღერაა „გელოდები ბათუმში“. ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე.

ჩემი მეგობარი დამიკავშირდა, მითხრა, მყავს ადამიანი, რომელიც სიმღერებს წერს და გამოთქვა სურვილი, რომ შენ იმღეროო. მეც დავთანხმდი. ვფიქრობ, მაინც და მაინც ისეთი არ გამოვიდა, მაგრამ ცუდი სიმღერა არ არის. სიმართლე გითხრათ, არსად არასდროს მიმღერია, არც ბათუმში. მიხარია თუ მოგწონთ.

მინდა, ასევე ვისაუბროთ სიმღერაზე „მელიქიშვილის გამზირი“.

„მელიქიშვილის გამზირი“ ჩემს სიმღერებში ცალკე დგას, რადგან ჩემს ზურა დოიჯაშვილს ეძღვნება. მართლა კარგი სიმღერა გამოვიდა, ყველამ გული და სული ჩავდეთ. ჩაიწერა ზურა მახნიაშვილის სტუდიაში, მას ეკუთვნის არანჟირება. ვერსია ზაზა წურწუმიას ეკუთვნის. დაგვეხმარა ბატონი კაკო ვაშალომიძე, დიდი პატივია მასთან მუშაობა. ვიდეორგოლს თუ შევეხებით, ყველაფერი ნონა გიუნაშვილმა დახატა და უდიდესი მადლობა მას, მისი შრომა და ნიჭი შეუფასებელია. სიმღერას კარგი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იყო ისეთი რაღაცები, რამაც გული მატკინა. ერთი კომენტარი მახსოვს ცუდად, ეწერა „ამ სიმღერას ისე მღეროდა ერთი კაცი, სხვა ვეღარ იმღერებსო“. არ მჩვევია პასუხის გაცემა, მაგრამ ჯერ ერთი, ვინ იმეორებს და მეორე, ჩემი და ზურას ურთიერთობა რომ იცოდე, ამას არ იტყოდი.

მოგვიყევი სიმღერაზე „ჩამოთოვა ისევ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ვერსია ზაზა მარჯანიშვილის ეკუთვნის. გაკეთდა ბატონი მამუკა ჩარკვიანისთვის. მე ძალიან მომწონდა ეს ვერსია, გავბედე და ვთხოვე მას, რომ ჩამეწერა. თუ მოვირგებ სიმღერას, მერე მინდა ხოლმე, რომ ხორცი შევასხა. დიდი მადლობა ბატონ მამუკას, რომ დამთანხმდა, ფაქტობრივად მაჩუქა ეს ვერსია. უახლოეს მომავალში ვაპირებ კლიპის გადაღებას, ოღონდ თოვლი მჭირდება, მის გარეშე არ გამოდის.

 

გოგა მესხი – ჩამოთოვა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გოგა მესხი – მიმღერე რამე. Live

 

გოგა მესხი – დაღამებულხარ ჩემო აპრილო. Live

 

გოგა მესხი. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g