„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე არის საუბარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს შორის კავშირის დასადასტურებლად არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება.
„ძალიან კარგად იცით, რომ არსებობს ნული ფაქტი, ნული ფაქტი ივანიშვილის კავშირებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან ან ცალკეულ რუსთან. ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი და ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი და სწორედ ამიტომ არ არის სანქცირებულთა სიაში. ის აშშ-ს არ დაუსანქცირებია. განსაკუთრებულ ეჭვებს ბადებს, თუ რატომ განახორციელა მან ეს ზარი და რატომ გაუმჟღავნა ეს საუბარი იმ ტელევიზიებს, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ევტუშენკოვი როდესაც არ არის სანქცირებული აშშ-ის მიერ და არის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი, ეს ზარი გახდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მიზეზი, ეს ელემენტარულად სასაცილოა.
ავსტრალიას და ბრიტანეთს აქვთ დაკისრებული სანქციები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით – მას (ევტუშენკოვს) აქვს პირდაპირი კავშირები ამერიკის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე, ის არის ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული პირი. ძველი ნაცნობობის გათვალისწინებით, არის რაღაც ზარი [ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის] განხორციელებული და პრაქტიკულად არაფერზე არის საუბარი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლასთან და ა.შ. არავითარი ფაქტი ან მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი განცხადება გინდ „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდოს და გინდ ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებაში, არის ნულოვანი ფასის მატარებელი, თუ არ არის ფაქტებით გამყარებული“, – განაცხადა კობახიძემ.