კაკალი არის ენერგიის წყარო და უნივერსალური წამალი. ხალხურ მედიცინაში კაკალი დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა. ჰიპოკრატე კაკლის წენგოს ნახარშით ასკარიდა ჭიებს გამოდევნიდა. ავიცენა რეკომენდაციას უწევდა დანაყილი ნიგვზისა და თაფლის ნარევების გამოყენებას ტუბერკულოზის დროს და იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში. კაკალი, მის უზომო სარგებლობასთან ერთად, სიფრთხილით უნდა მივიღოთ.
გახსოვდეთ, რომ 12 თვეზე ადრე არ არის საურველი ბავშვმა ნიგოზი მიიღოს. ალერგიულ ბავშვებთან 24-36 თვის შემდეგ შეგვიძლია მცირე რაოდენობით ჩავრთოთ კვების რაციონში. ბავშვებისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის, ნიგოზი ძალიან სასარგებლოა მათი გონებრივი განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის. 5-6 ლებანი ნიგოზი სავსებით მისაღები და სასარგებლო დოზაა. არ შეიძლება ნიგვზის შემცველი კერძების ყოველდღიურად მიღება, რადგან შეიძლება გაგიღიზიანდეთ ნაღვლის ბუშტი. ალბათ იცით, რომ თვითონ ნიგოზი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უკვე კერძებში გამოყენებული, მოხარშული და ა.შ. იგი, ასეთი სახით, უფრო აღიზიანებს ორგანიზმს. აბიტურიენტებს ურჩევენ დილით უზმოზე მიიღონ ერთად გატარებული ნიგოზი, თაფლი და ქიშმიში, რომლის 1 ჩაის კოვზი ნარევი აგიმაღლებთ განწყობას, იმუნიტეტს და შემართებით განგაწყობთ.
კაკლის ფოთლებში შედის ფლავონოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში კი აღმოჩენილია A, B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ნიგოზში ბევრია უჯრედისი, რაც დადებითად მოქმედებს საკვების მომნელებელ სისტემაზე. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ორსულობისას ნაყოფის განვითარებისთვის. ნიგოზში ბევრია მაგნიუმი, რასაც გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი თვისება. ასევე ბევრია კალიუმი, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ნატრიუმს და ზრდის შარდის გამოყოფას. დანაყილი გული თაფლთან ერთად სასარგებლოა ტუბერკულოზით, სიმსივნით დაავადებულთათვის, დაუძლურებული ორგანიზმისთვის. ნიგოზი სასარგებლოა გონებრივი საქმიანობით დაკავებულ პირთათვის, ასევე რკინადეფიციტური ანემიისას. მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია, ვიტამინი B6, რაც აუცილებელია ერითროციტების წარმოსაქმნელად.
რაც შეეხება ნიგვზის ზეთს, ის ჯერ კიდევ ძველთაგანვე გამოიყენებოდა შარდსადინარი გზების კენჭოვანი დაავადებებისას, აღადგენს კუჭის ლორწოვან გარსს. კაკლის ზეთს ასევე გამოიყენებენ დამწვრობის დროს წასასმელად, ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისთვის. ნიგვზის ზეთი ერთ წლამდე ინახება და არ კარგავს თავის კვებით ღირებულებას. იგი გამოიყენება არა მარტო სამედიცინო მიზნებისთვის, არამედ კულინარიაშიც. ნიგვზის დღიური რეკომენდებული ნორმა – 5 ლებანია. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის რომ ორგანიზმს მიეწოდოს სასარგებლო მიკროელემენტები.