LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიზნესი ბიზნესია” – ქართული კომპანია “ჩაროზი” პროდუქციის გატანას რუსეთში აპირებს 

96
ჩაროზი

კომპანია „ჩაროზის“ პროდუქცია ოქტომბრის ბოლომდე, შესაძლოა, რუსეთშიც გაიყიდოს. საუბარია, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე.

კომპანიის დამფუძნებელი ელენა ჯიშიაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუსეთში არსებულ ჯანსაღი კვების ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობის მორალურ მხარეს, მიმაჩნია, რომ  ხალხი ყველგან არის, ბიზნესი ბიზნესია. რუსეთშიც ჩვენი მომხმარებლის 60%-ზე მეტი ქართველები არიან, მათი რაოდენობა 1 მილიონამდეა. გლობალური სიტუაციის გამო, მათ ხაზი უნდა გადავუსვათ? ყველგან არის შეგნებული და კარგი ხალხი, რომელიც აკეთებს რაც შეუძლია და აკეთებს კარგად. ტოქსიკური და გლობალური ძვრები არც აინტერესებს და არც არავინ ეკითხება,“ – განუცხადა ჯიშიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე უკვე იყიდება საბერძნეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და იაპონიაში.

„უკრაინაში ჰუმანიტარული მიმართულებით პროდუქცია ორჯერ გავაგზავნეთ, ახალი ბაზრები არ დაგვიმატებია, არსებულის გაძლიერებაზე ვართ ორიენტირებული,“ – აცხადებს ჯიშიაშვილი.

კომპანია ამ დროისთვის 9 დასახელების ნუგბარს აწარმოებს. მათ შორისაა გარგარი შავ შოკოლადში, რამდენიმე სახეობის ჩურჩხელა, შავი ქლიავი ნიგვზით, წერეთლის მწვადი და ასე შემდეგ.

ჯიშიაშვილი აცხადებს, რომ გარდა ექსპორტისა „ჩაროზის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იყიდება. მათ შორის, ნიკორწმინდაში ბრენდულ მაღაზიაში, თბილისი მოლში, გორგასლის 1, ყველის სახლი ფალიაშვილზე). კომპანია გაყიდვებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც ახორციელებს.

„ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g