უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ „იუთუბ“ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ „უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზეც”.
არესტოვიჩის განცხადებას ქართული პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, არესტოვიჩს „დიპლომატურ-კულტურული, თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის“.
„მე არ ვიცი, ამას დიპლომატურ-კულტურული, ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, თუ რა ეკუთვნის, რადგან გამაოგნებელია ასეთი განცხადებები მაღალი ჩინის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. ალბათ სჯობს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა მიხედონ უკრაინელ ხალხს, რომელიც უმძიმეს ვითარებაშია, განსაცდელშია.
ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენს ხელთ იყო და არის, ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც უკრაინაში გაგზავნილი მხარდაჭერის, თუ აქ მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, უკრაინელ ხალხზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე იზრუნონ სწორედ იმ მაღალჩინოსნებმა, უკრაინელებმა, რომლებიც დღენიადაგ ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, თმენის გარკვეული ვალდებულება გვაქვს, რადგან უკრაინაში ომია, მაგრამ ასევე ვალდებულება გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე. პირველი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ და მომავალშიც შევასრულებთ, არის ის, რომ ზოგიერთი უკრაინელი ვითომ მეგობრის სურვილის საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყანაში არასდროს ატყდება ომი.
ჩვენ არასდროს, რაც არ უნდა სურდეთ მათ, არ გავისვრით და ამ ქვეყანაში გაგრძელდება ის მშვიდობიანობა და სტაბილურობა, რაც დღევანდელი მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტისა და ზოგადად ამ პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით რთულად, მაგრამ ხერხდება, ასეც გაგრძელდება. დასანანია ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო მწვავე განცხადებებისგან მაინც ალბათ სჯობს, თავი შევიკავო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი გამონათქვამები მგონია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, არ აპირებს არესტოვიჩის კრიტიკას.
„არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი გამონათქვამები მგონია. ასე ვთქვათ, იმედის მომცემი, გამამხნევებელი განცხადება და არა ის, რომ ამ ქმედებების უკან რაიმე სერიოზული ქმედებები იდგეს. თავის ხალხს ეუბნება, რომ არა მხოლოდ თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს, არამედ ქართველებსაც, მოლდოველებსაც.
ეს არის ჰეროიკული რიტორიკა, რომ თავის ხალხში რწმენა შეიტანოს. ამის გამო კრიტიკას არ ვაპირებ. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ტელეარხებს, როცა უკრაინა ნომერ პირველი სალანძღავი თემაა“, – განაცხადა მანჯალაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ არ ეგულება საქართველოში პატრიოტი ადამიანი, ვისაც შეუძლია, მოთმინებით და გაგებით მოეკიდოს არესტოვიჩის ასეთ განცხადებას.
სარჯველაძის სიტყვებით, “ეს ძალიან საშიში პროცესია ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დაზიანების თვალსაზრისით”.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ განაცხადა, კარგი იქნება თუ აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი გაემიჯნება.
„არესტოვიჩის მიმართ სიტყვა ბატონს შეგნებულად არ დავაყენებ. მსმენელსა და მაყურებელს ვერ ვაკადრებ, რომ ამ კაცის განცხადების საპასუხოდ რელევანტური სიტყვები გამოვიყენო, თორემ, თავში რა გვიტრიალებს ამ ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, ეს გასაგებია.
ოპოზიციის წარმომადგენლები რა კომენტარს აკეთებენ, ამ განცხადებაზე, როცა არესტოვიჩი საქართველოში გეგმავს მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის გამოგზავნას და აქ ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობას. ეს ვინმემ ამიხსნას, როგორია თავად ოპოზიციის პასუხი. ემიჯნებიან თუ არა ასეთი სახის განცხადებას. ძალიან საშიში პროცესია ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დაზიანების თვალსაზრისით, რადგან საქართველოში არ მეგულება პატრიოტი ადამიანი, ვისაც შეუძლია, მოთმინებით და გაგებით მოეკიდოს არესტოვიჩის ასეთ განცხადებას.
საინტერესოა, ევროკავშირის ხედვაც ამ ყველაფერზე. როცა ევროკავშირისკენ მიმავალი სახელმწიფოს, ხელისუფლების სახელით მოლაპარაკე პირი ამბობს, რომ მეორე ევროკავშირისკენ მიმავალ ქვეყანაში გეგმავს ჯარისკაცებით ხელისუფლების შეცვლას, ამაზე როგორი იქნება მათი დამოკიდებულება? მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, უკრაინა რუსეთის არანორმალური აგრესიის მსხვერპლია, ეს კითხვები უნდა დაისვას, რადგან არესტოვიჩის ასეთი განცხადებები არ არის გზა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის გამარჯვებას.
არ მგონია, ადამიანი საქართველოს სამსახურში მდგომი იყოს, რომელიც ჩათვლის, რომ უკრაინელი ხალხის შეგულიანებას სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ ომით დამუქრება. თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს, გამოვიდეს და თქვას. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინული სახელმწიფო, რაც უფრო მალე მოახდენს ამ ყველაფრისგან გამიჯვნას, უკეთესი იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ „ქართულიც და უკრაინული მხარეც სადღაც უნდა გაჩერდეს“.
„ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება – ასეთი განცხადებები დამაზიანებელია. ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა.
ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კობახიძეც უნდა გაჩუმდნენ, ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტს ალექსეი არესტოვიჩი, დავით არახამია, მიხაილო პოდოლიაკი, ოლექსი გონჩარენკო, ოლექსი დანილოვი და ანდრეი ერმაკი წარმოადგენენ, რომლებიც სისტემატურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული.
ცნობისთვის, ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა:
„ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ.
ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა არესტოვიჩმა.