„ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან – მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს“, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „მისი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღალვა და დისკრედიტაცია“.
ჟურნალისტებთან საუბრისას მურუსიძემ იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.
„ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ, მურუსიძე, მურუსიძე. განაზოგადეს ეს სახელი. მურუსიძე არ არის დიდი გვარი. ბევრ მურუსიძეს ვიცნობ, ისინი წესიერი, პატიოსანი ხალხი არიან. პირადად მე კი არ „მირტყამდნენ“ მარტო, მურუსიძის გვარი განაზოგადეს და როგორც გვარს, წლების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ. საქართველოში დაამკვიდრეს, რომ მურუსიძე არის უარყოფითი და თუ ვიღაცას გააკრიტიკებდნენ, ჩემთან რა გინდათ, მურუსიძეა ჩემზე უარესიო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვიყავი, საქმეებს ვიხილავდი.
მოტივაცია შემდეგია, როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს.
რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები. გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია.
სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა.
არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს
დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობოები. პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ, ისინი ამას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით აკეთებენ. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, მათ არც ადამიანის უფლებები ანაღვლებთ და არც დემოკრატია“,-განაცხადა მურუსიძემ.
ცნობისათვის, დღეს მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრს აირჩევენ. ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ პირადი განცხადების საფუძველზე საბჭო დატოვეს.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დააყენეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა.