LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საწარმოში ჩავრთეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები” – რა შეიცვალა „დადარისთვის“ სოციალური საწარმო 2021-ში გამარჯვების შემდეგ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

24
ARcIL

სოციალური საწარმო „დადარი“ 2018 წელს შეიქმნა და იგი ბავშვის განვითარებისთვის უსაფრთხო და შემეცნებით სათამაშოებს ხელით ქმნის.

პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებული მასალები უსაფრთხოა ადამიანისთვის და გარემოსთვის.

საწარმოს შემოსავლების 100% დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისგან შემოსული თანხაა, რომელიც სრულად ხმარდება საწარმოს ფუნქციონირებას, მის ზრდაზე და განვითარებაზე ზრუნვას.

„დადარი“ ამ ეტაპზე 17 ადამიანს ასაქმებს, საიდანაც 5 სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანია, 5 კი იძულებით გადაადგილებული პირი.

კომპანიის პროდუქციას საქართველოს ბაზრის გარდა, მომხმარებელი უცხოეთშიც ჰყავს.

„დადარი“ წლის სოციალური საწარმო 2021-ის გამარჯვებულია.

„ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად არჩილ გობეჯიშვილი – სოციალური საწარმო „დადარის“დამფუძნებელი საუბრობს.

 

 

– არჩილ, თქვენი გამარჯვებიდან ერთი წელი გავიდა. რა მოგცათ ამ გამარჯვებამ? რაში შეგიწყოთ ხელი?

– გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და კარგი გავლენა იქონია ჩვენს განვითარებაზე და წინსვლაზე. წარმატებული წელი გვქონდა,  რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ ორჯერ გაგვეზარდა საწარმოს შესაძლებლობები, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა.

ჯამში ეს იყო ძალიან წარმატებული წელი. მთელი ჩვენი გეგმები შევასრულეთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, მომავალი ხედვები გვქონდეს.

– თუ არ ვცდები, იყო გარკვეული ფინანსური პრიზი, რომელიც თქვენ ალბათ ბიზნესის განვითარებისთვის დახარჯეთ..

– ნომინაციაში გამარჯვების პროცესში ჩვენ რამდენიმე პრიზი მივიღეთ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან.

რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან კარგი იყო. გარდა ამისა, იყო ტექნიკური მხარდაჭერა, როგორც შრომის უსაფრთხოების დანერგვის კუთხით, ასევე სხვადასხვა მექანიზმებით, დაგვეხმარა.

საერთო ჯამში, ყველაზე დიდი უპირატესობა იყო საკუთარ ქვეყანაში აღიარება. ეს ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

როდესაც შენს ქვეყანაში აღიარებული და დაფასებული ხარ, უცხოეთში შენს მიმართ უფრო დიდ ყურადღებას იჩენენ და ჩვენს შემთხვევაში ამან ძალიან დადებითი როლი ითამაშა.

– უცხოელებთან თანამშრომლობა ახსენე, რა ეტაპზეა თქვენი პროდუქციის ექსპორტი. რომელ ქვეყნებში იყიდება და თუ გაქვთ გეგმაში გაფართოება?

– ჩვენ გვყავს ძველი პარტნიორი, დისტრიბუტორი, რომელსაც გერმანიაში აქვს ჩვენი პროდუქციის ექსკლუზივი.

ის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ანაწილებს ჩვენს პროდუქციას.

საწარმოს წარმატების ძირითადი პროცენტი მიდის ექსპორტზე. გარდა ამისა, გვაქვს ორი აქტიური მოლაპარაკება პოტენციურ პარტნიორებთან.

– რა ტიპის სათამაშოებს აკეთებთ? რატომ არის ის მნიშვნელოვანი იგივე ბავშვის განვითარებისთვის?

– ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ვაწარმოებთ. ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული იყო, ვინაიდან მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია საწარმო, რომლებიც ხელნაკეთ პროდუქტებს ქმნიან.

შესაბამისად მაღალი მოთხოვნაა ჩვენს პროდუქტზე იმ ქვეყნებში, სადაც ზუსტად იციან და აფასებენ ამ ნაკეთობებს.

ის ძალიან ეხმარება პატარას განვითარებაში, ღირებული და ძვირფასი ნივთია. შევძელით საქართველოში შეგვექმნა პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მსოფლიოში არსებულ იმ საწარმოებს, რომლებით ხელნაკეთ სათამაშოებს და პროდუქტს ქმნიან.

შევძელით ევროპის სტანდარტებით მუშაობა. გადავამზადეთ ადამიანები, რომლებიც ამ დარგის სპეციალირსტები გახდნენ.

საწარმოში ჩავრთეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. რითაც შევძელით, რომ სოციალური მიმართულება ყოფილიყო წარმატებული.  საერთო ჯამში მივიღეთ შედეგი და ვაწარმოებთ პროდუქტს, რომელიც პატარებს ზრდაში და განვითარებაში ეხმარება.

– თქვენ ახსენეთ თანამშრომლების გადამზადება. ბიზნესისგან სულ გვესმის, რომ კადრების დეფიციტია და კვალიფიციურ კადრებს ვერ პოულობენ. ბევრი ბიზნესი ცდილობს, რომ თვითონვე გაზარდოს კადრები.

თქვენ რა ტაქტიკა გაქვთ და გიდგათ თუ არა კადრების დეფიციტის პრობლემა?

– როგორც ყველა ბიზნესს ბოლო პერიოდში ჩვენც დაგვიდგა ამის პრობლემა. კადრების დეფიციტი ჩვენთანაც აღინიშნება. გარდა ამისა, ჩვენი საქმე მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს და თავიდანვე გვქონდა პროგრამა შემუშავებული, რომ როცა ჩვენივე თანამშრომლებს გადავამზადებდით, მერე მათ დასაქმებაზე ვიზრუნებდით.  შესაბამისად ამ სტრატეგიას მივყვებით. ყველა ჩვენს თანამშრომელს წინასწარ უტარდებათ გადამზადების კურსი და როგორც კი თავისი საქმის პროფესიონალები გახდებიან, შემდეგ ერთვებიან საწარმოო საქმიანობაში.

გეთანხმებით, რომ კადრების დეფიციტია. მუდმივად ვეძებთ ახალ თანამშრომლებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლების მიღება და გადამზადება, ისეთივე წარმატებით გაიზრდება, როგორც დღევანდლამდე ხდებოდა ჩვენთან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები