რუსეთი უკრაინას სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე დრონებით ფართომასშტაბიან თავდასხმაში ადანაშაულებს. როგორც BBC წერს, რუსული მხარის განცხადებით, შეტევა ღამით, 4:20 წუთზე დაიწყო და მასში 9 საჰაერო და 7 საზღვაო დრონი მონაწილეობდა.
სევასტოპოლში რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი მახიალ რაზვოჟაევი ირწმუნება, რომ რუსეთის ფლოტმა შეტევა მოიგერია და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა.
რუსეთის მიერ დღეს გახმაურებულ ბრალდებებზე – ანექსირებულ სევასტოპოლში დრონებით თავდასხმასთან და მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებასთან „ბრიტანელი სპეციალისტების“კავშირის შესახებ, კომენტარს აკეთებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთი „ეპიკური მასშტაბის ტყუილს“ იგონებს, რათა „ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში უკანონო შეჭრასთან დაკავშირებული კატასტროფული სიტუაციიდან“.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „ეს გამოგონილი ისტორია რუსეთის ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე უფრო ლაპარაკობს, ვიდრე – დასავლეთზე“.
To detract from their disastrous handling of the illegal invasion of Ukraine, the Russian Ministry of Defence is resorting to peddling false claims of an epic scale
This invented story, says more about arguments going on inside the Russian Government than it does about the west
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) October 29, 2022
ამ ფონზე, რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს. თურქეთისა და გაეროს შუამავლობით ივლისის ბოლოს ხელმოწერილი ამ დოკუმენტის შედეგად მოხერხდა ხორბლის გატანა უკრაინული პორტებიდან.
მედიის მიერ გავრცელებული მოსკოვის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინა თურქეთისგან და გაეროსგან „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლაზე რეაქციას ელის.
“უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან არანაირ “მარცვლეულის შეთანხმებისთვის” ხელი არ მოუწერია. ხელის მომწერები არიან: რუსეთი, თურქეთი და გაერო. ხოლო უკრაინას რუსეთთან არანაირ შეთანხმებებზე არ მოუწერია ხელი, რადგან ესმის, რომ ის თითქმის არასდროს არ ასრულებს მასზე აღებულ ვალდებულებებს. ამიტომ ხელის მომწერებისგან რეაქციას ველით”, – თქვა ნიკიფოროვმა.
სევასტოპოლი ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
BBC აღნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინელების სამიზნე აპრილში გახდა, როცა კრეისერი „მასკვას“ ჩაძირვა შეძლეს.