LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეფონით გადავიღეთ კლიპი… ეს არის ჩვენი ბავშვობის სიმღერა, რომელიც ყველა ქართველს ჩაბეჭდილი აქვს გულში და გონებაში“ – „რეზო და ბავშვები“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

42
რეზო-და-ბავშვები

რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ წევრები, რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ჩემი საქართველო“ პრემიერა შედგა. ჯგუფის წევრებმა ახალი ალბომიც დააანონსეს.

 რაც დრო გადის, უფრო პროდუქტიულები ხდებით, ხშირად გაქვთ კონცერტებიც. რა გაძლევთ მთავარ სტიმულს ?

 რეზო: ჩემი აზრით, ახლა შევდივართ იმ მთავარ აზარტში, რაც ჯგუფებს აქვთ ხოლმე. დაგროვდა გამოცდილება და არის მოტივაციაც. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ორი რამ კავშირშია, ამიტომაც არ ვჩერდებით. ახლა მეორე ალბომს ვაკეთებთ.

მეორე ალბომი ახალი ჰიტებით იქნება დაკომპლექტებული ?

რეზო: ალბომი ცოტა სხვა კონცეფციით არის შედგენილი. ეს არის ის ძველი სიმღერები, რომლითაც დაიწყო „რეზო და ბავშვები“ და რომლებიც ძირითადად სოციალური თემატიკისაა და ცოტა პოლიტიკურ, პროვოკაციულიც არის. 10 წლის წინ, როდესაც დავიწყეთ „რეზო და ბავშვები“, ჩვენ ვმღეროდით იმაზე, რომ ქუჩაში ეყარა ნაგავი, გვქონდა სიმღერები „იარე ნელა“, „მტერო შენ შტერო“. მაშინ ასეთი იყო ჩვენი სიმღერები და ჩვენს მცირე, მაგრამ აქტიურ მსმენელს ძალიან მოსწონდა და ძალიან უყვარდა. ვხუმრობთ ხოლმე, რომ ხუთივე მსმენელს მაგრად მოსწონდა. ახლა გაცილებით ბევრი ადამიანი გვიცნობს და ელოდება ჩვენგან რაღაც სიმღერებს. გვინდა ვაჩვენოთ, როგორ დაიწყო ეს ჯგუფი და რა განწყობა იყო მაშინ.

ლელო: ალბომში იქნება ძველი სიმღერები ახლებური ხედვით. ფუნდამენტურად არ ვცვლით სიმღერებს.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სიმღერა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოგიტანათ იყო „ველოსიპედი“. როგორია ამ ნამუშევრის ისტორია ?

 რეზო: ეს არის ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ფორმულირებულად ავაწყვე. ტექსტი დავწერე და მივედი ლელოსთან. ტექსტი და მუსიკა გვქონდა. მაშინ, ჩვენი ჯგუფის წევრი იყო ძალიან კარგი, თბილი და უსაყვარლესი ადამიანი, გენიოსი მუსიკოსი, თამუნა ბაბილოა, რომელიც აღარ არის დღეს ჩვენთან ერთად. სარეპეტიციოდ რომ მოვედი და სიმღერა რომ მივიტანე, ვუთხარი, რომ კუპლეტებს შორის რაღაც თბილი მელოდია მინდოდა. მითხრა, კარგი, ახლა დამტოვე მარტო 15 წუთითო. გავედი და 15 წუთში რომ დავბრუნდი, უკვე დამთავრებული „ველოსიპედი“ დამხვდა. ბაბიმ მოუფიქრა არაჩვეულებრივი თემა, რომელზეც ვგიჟდები და ეს სიმღერა ჩემო ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია „რეზო და ბავშვების“ რეპერტუარიდან, განსაკუთრებულად მიყვარს.

მომიყევით ახალ სიმღერაზე „ჩემი საქართველო“.

ლელო: მთლიანი სტუდია ჩავალაგე მანქანაში და წავედი, რეზოს გავუარე ბორჯომში. შემდეგ, ჩვენს მეგობრებთან, ჯგუფთან „მირაჟი“ წავედით აბაშაში. საოცარ ადგილას ვიყავით, იქვე ავაწყვეთ სტუდია, ჩავწერეთ სიმღერა და ტელეფონით გადავიღეთ კლიპი.

რეზო: უკვე ძალიან შეიყვარა მსმენელმა ეს ნამუშევარი. სიმღერა თემო ცაგურიას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი ბავშვობის სიმღერა, რომელიც ყველა ქართველს ჩაბეჭდილი აქვს გულში და გონებაში. მართლა ძალიან პატარა ვიყავი, რომ ვმღეროდი და გზაში ლელოს ვუთხარი, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ეს სიმღერა და სულ მინდოდა რამე ვერსია მომეფიქრებინა. ვუთხარი, იდეა მაქვს და მოდი ჩავწეროთ-მეთქი. თან, „მირაჟის“ ჟანრიც არის და ერთად აგვამუშავა ამ ყველაფერმა. სიმღერას საბოლოო სახე უკვე პაატა სილაგაძემ მისცა. კლიპი თემო გიორგაშვილმა დაამონტაჟა. თემო ახლა შემოუერთდა ჩვენს გუნდს და საინტერესო რაღაცებს ვაპირებთ ამ მიმართულებით, შეგვიძლია უფრო აქტიურები ვიყოთ და ბევრი ვიდეო გადავიღოთ.

 

 

რეზო და ბავშვები – ჩემი საქართველო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

რეზო და ბავშვები – თამუნა და მაიკო. Live

 

რეზო და ბავშვები. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები