LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება – რას გულისხმობს ინიციატივა და როგორ აფასებენ დეპუტატები

30
პარლამენტი

პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება.

ინიციატივა პირველი მოსმენით დღეს განიხილეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება ორმხრივი სარგებელი იქნება.

„ეს ცვლილება იქნება ორმხრივი სარგებელი, თვითონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებასა და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს. ამავდროულად, საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, – აღნიშნა მან.

ინიციატივის განხილვის დროს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ „ტრაგიკომიკური ვითარებაა, რადგან მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ახალი მუდმივი წევრის დამატებას ითხოვს, მაშინ როცა თავად საბჭო მკვდრადშობილი ორგანოა”.

„2019 წლიდან დღემდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო სულ ექვსჯერ შეიკრიბა. აქედან ერთი, გაცნობითი სხდომა პრემიერ მამუკა ბახტაძის დროს გაიმართა. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ორჯერ, კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით გაიმართა. ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეიკრიბა. საბჭო ჯამში, ექვსჯერ შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ კანონში წერია – საბჭო სამ თვეში ერთხელ მაინც იკრიბება.

დავინტერესდი საბჭოს მცირე რაოდენობით გამართულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების საკითხით. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რაც საბჭომ სხვადასხვა პრემიერების დროს მიიღო, შესრულებული არ არის.

ეს ქვეყნის ეროვნული დონის, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და დამტკიცებას ეხება. ასეთია მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს იმ შემთხვევაში, თუ “ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება ეყოფა. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლიდან არ განახლებულა.

იმის მიუხედავად, რომ ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით განახლებული დოკუმენტი შემუშავებულია, პარლამენტში არ შემოვიდა. ამაზე განმარტეს, რომ ვითარება უკრაინის ომმა შეცვალა, ომიდან ცხრა თვე გავიდა და ხსენებაც არ არის, თუ როდის შეიძლება აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტმა განიხილოს და დაამტკიცოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი ასეთი დოკუმენტი ეროვნული საფრთხეების შეფასების დოკუმენტია, რომელიც თავისი არსით საიდუმლოა, თუმცა მნიშვნელოვანია, ქვეყანა საფრთხეს აფასებდეს და არსებობდეს მოქმედებების გეგემა, რაც აუცილებელია არა მხოლოდ საფრთხეზე რეაგირებისთვის, არამედ საფრთხის პრევენციისთვის.

ამ ხელისუფლებას ასევე 2018 წლიდან არ განუახლებია თავდაცვის ეროვნული სტრატეგია. ესეც პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას იწვევს და რომ არა აქვს ამის ნება, შესაბამისად, საბჭო მოწვეული არ არის. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივები გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იყო განხილული. ამაზე საბჭოს მდივნისგან ვახტანგ გომელაურისგან პასუხად მივიღე, რომ ისევ შემუშავების პროცესშია. არსებული გამოწვევების – უკრაინაში მიმდინარე ომის, საოკუპაციო ხაზზე გართულებული ვითარების, სტრატეგიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტების განახლების აუცილებლობის მიუხედავად, საბჭო პრინციპულად არ იკრიბება…

ლოგიკას ვერ ვხედავ, რა აუცილებელია, აღნიშნული თანამდებობის პირი საბჭოში მუდმივ წევრად შევიდეს, როცა საბჭოს დღის წესრიგი არც პოლიტიკური თანამდებობის პირების დაცვას და არც სახელმწიფო შენობების დაცვას არ ეხება“, – თქვა თეონა აქუბარდიამ.

mazda magti 5g