ბავშვთა კეთილდღეობა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რომლისკენაც საზოგადოების ფოკუსი უნდა იყოს მიმართული.
ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვაა ორგანიზაცია „Divine Child Foundation of Georgia“ საქმიანობის მთავარი მიზანი და მისია.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია 2011 წლიდან ზრუნავს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და შშმ-პირებზე. მათ პროფესიულ ფოკუსშია ბავშვებისა და მოზარდების განათლებისა და პროფესიული მომზადების საკითხები.
ამასთან, საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ქცევით სირთულეებთან გამკლავება – მცირე საოჯახო ტიპის სახლები და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმა. ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ ახორციელებს პროექტებს, რომლებიც საერთო ჯამში, ბავშვთა კეთილდღეობის ზრუნვას ეხება.
რა საჭიროებები აქვთ მოზარდებს, როგორია თანამედროვე მიდგომები, რა როლი აქვს სახელმწიფოს და რას მოიცავს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები – ამ საკითხებზე ორგანიზაციის „Divine Child Foundation of Georgia“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი ცერცვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“, სტუმრად ნინი ხუგაშვილთან, ვრცლად ისაუბრა.
როგორ შეიქმნა სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი “კომპასი”
ბავშვზე ზრუნვის სფეროში ჩვენი მუშაობის პროცესში მრავალი გამოწვევების წინაშე დავმდგარვართ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ქცევითი სირთულეები, – თქვა „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი ცერცვაძემ და დასძინა, რომ სირთულეები, რომლებსაც მოზარდებთან ურთიერთობის დროს აწყდებიან მრავალგვარია:
- პრობლემები მშობლებთან და აღმზრდელებთან/პედაგოგებთან ურთიერთობაში
- აგრესიული ქცევები
- დეპრესიული განწყობა
- სუიციდური ფიქრები
- კრიმინალური მიდრეკილებები
- სხვადასხვა ტიპის ადიქცია.
ლალი ცერცვაძის განმარტებით, ცენტრს ძირითადად ტრავმული გამოცდილების მქონე ბავშვებთან უწევდა მუშაობა და ეს სირთულეები როგორც მოზარდის პრაქტიკულ ქმედებებში ასევე მის სურვილებში, მსჯელობებსა და გამონათქვამებში გამოიხატებოდა.
„აღმოვჩნდით რა ამ სირთულეების პირისპირ, მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობდით, ვიღებდით სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციებს, ვმსჯელობდით, ვეძებდით გზებს თუ როგორ შეიძლებოდა მოგვევლო ამ პრობლემებისთვის. საბოლოოდ, ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ სოციალურ პედაგოგიურ მიდგომებზე.
სოციალური პედაგოგიკა ჩვენთვის ახალი, ევროპაში კი ქმედითი და ეფექტურია ამ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობისას. რა თქმა უნდა, პროექტმა ადაპტაცია გაიარა საქართველოში, თუმცა პირველი სამი წელი, შვეიცარიელი კოლეგების მხრიდან, მუდმივად ხორციელდებოდა პროფესიული ზედამხედველობა.
ჩვენი ქართველი და შვეიცარიელი მეგობრების თანადგომით, გახლდით ციურიხში, მოვინახულეთ იქაური სერვისები.
ქართულ-შვეიცარიული მხარეების სამწლიანი ურთიერთთანამშრომლობისა და პროფესიული ზედამხედველობის საფუძველზე 2019 წელს, თბილისში ამოქმედდა სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი „კომპასი“.
ჩვენ მომსახურებას ვაწვდით ქცევითი სირთულეების მქონე 12-დან 18 წლამდე მოზარდებს, მათ მშობლებს. ჩვენი მიზანია მოზარდს გავუუმჯობესოთ ადაპტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი, კომუნიკაციის უნარი, ვასწავლოთ სხვადასხვა პრობლემური სიტუაციებიდან გამოსავლის ძიება“, – განაცხადა ლალი ცერცვაძემ.
რა არის სოციალური პედაგოგიკა
„დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სოციალური პედაგოგიკა მეცნიერებაც არის და ხელოვნებაც.
როგორც ლალი ცერცვაძემ „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, რომ სოციალური პედაგოგიკის მიზანია ყველა ადამიანში იპოვოს და დაამუშაოს მასში დამალული პოტენციალი, რომელიც მისცემს მას თვითრეალიზაციის საშუალებას.
კერძოდ, სოციალური პედაგოგიკა მოზარდთან ნდობითი ურთიერთობის დამყარებას, მისი ინტერესებისა და ღირებულებების დადგენას და მასთან ერთად ჩარევის გეგმის შედგენას გულისხმობს.
„ცენტრში შემოსულ ბავშვებსა და მოზარდებს აქ ხვდებათ გარემო სადაც მათ განიხილავენ, როგორც თანატოლს. თავდაპირველად ხდება მათი გაცნობა, ურთიერთნდობის მოპოვება, ბავშვების, პრობლემის იდენტიფიცირება, მათთან ერთად ჩარევის გეგმის შედგენა და მასზე მუშაობა.
ბავშვის შემთხვევის მმართველი არის სოციალური პედაგოგი, იგი მუშაობის პროცესში იყენებს სხვადასხვა სახელოვნებო თერაპიებს, საჭიროების შემთხვევაში ხდება ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის ან ფსიქიატრის ან კიდევ დამატებით სხვა სპეციალისტების ჩართულობა“, – ამბობს „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელი დირექტორი.
როგორ ამოვიცნოთ ბავშვებისა და მოზარდების ქცევითი სირთულე
სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი „კომპასი“ 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობს. ცენტრში ბავშვები 3 თვიდან 9 თვემდე პერიოდში დადიან.
როგორც ლალი ცერცვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განმარტა, ცენტრი ინდივიდუალური და ჯგუფური სერვისის ფარგლებში ბენეფიციარებს ეხმარება ისეთი ქცევითი და ემოციური პრობლემების იდენტიფიკაციასა და მართვაში, როგორიცაა:
- არასტაბილურობის სინდრომი, მიდრეკილი დეპრესიისკენ
- არაადეკვატური თვითშეფასება;
- თვითდესტრუქციული ქცევა და სუიციდური ქცევა, ფიქრები;
- ანტისაზოგადოებრივი ქცევის სინდრომი – საზოგადოებრივი პასუხისმგებლობების უგულებელყოფა, ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ სწავლის სურვილი, ნებისმიერ სამუშაოსათვის თავის არიდება, გაკვეთილების გაცდენისაკენ მიდრეკილება, კონფლიქტურობა თანატოლებთან, უფროსებთან.
- სახლიდან გაქცევის მცდელობები; ასეთებიც ბევრია, ბავშვები მოზარდობის პერიოდში ვხვდებით, რომ არ უნდათ სახლში ყოფნა და გარბიან.
- ემოციური თვითრეგულაციის პრობლემა; ოპოზიციური და გამომწვევი ქცევები;
- აგრესია, აუტოაგრესია – როდესაც საკუთარი თავისკენ არის აგრესია მიმართული;
- იმპულსური ქცევა;
- ბულერი, როდესაც ბავშვი ბულინგის მსხვერპლია;
- პოსტტრავმული მდგომარეობა;
- ძალადობის მსხვერპლი – იცით, რომ ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს და ყველა ფორმაზე ვმუშაობთ.
- ემოციური ლაბილობა;
- ოპოზიციური და გამომწვევი ქცევები;
- ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი;
- თვითდესტრუქციული ქცევა და სუიციდური ქცევა; დამნაშავეობის სინდრომი, აგრესიის მაღალი დონით, პასუხისმგებლობის არარსებობა და სუსტების აბუჩად აგდების ტენდენცია, მიდრეკილება ტყუილებისადმი, ქურდობის, ძარცვის, თავდასხმის, ცეცხლის წაკიდების და ვანდალიზმისადმი, ასევე სხვა ადამიანებით მანიპულირება ანგარების მიზნით“, – აღნიშნა ლალი ცერცვაძემ.
“თუ ბავშვთან ემოციური კავშირი არ გვაქვს, ვერასდროს გავიგებთ რა აწუხებს”
მშობლები ხშირად ვერ ამჩნევენ შვილების პრობლემას, – ამბობს „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, კონკრეტულად რა დროს უნდა მიმართონ მათ მშობლებმა.
„ხშირად ბავშვი ჩუმად არის, ხმას არავის სცემს და შესაძლოა, ოჯახში შესამჩნევი არ არის მისი ჩაკეტილობა, თუმცა ეს უკვე საგანგაშოა. როდესაც ბავშვი აგრესიულია, მშობელი წუხდება, მაგრამ როდესაც ბავშვი აგრესიული არ არის და თუ სუიციდური ფიქრები აქვს და ამას სხვას არ უმხელს, ჩაკეტილია, მას აქვს რაღაც ამომცნობი ნიშნები, რომელსაც მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან.
არის პრობლემები, რომელსაც უბრალოდ ასაკობრივი პერიოდიზაციიდან გამომდინარე ვაწყდებით, რასაც პრევენციის სახით სჭირდება ყურადღების მიქცევა.
არსებობს ფსიქოლოგიური ცენტრები და ვართ ჩვენც. მშობელს შეუძლია დარეკოს ჩვენს ცენტრში ან მოგვწეროს ფეისბუკის გვერდზე“, – თქვა „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელმა დირექტორმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
ლალი ცერცვაძის განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას ჯანდაცვის სამსახური ახორციელებს და ქალაქის მერიის მხრიდან ამ მიმართულებით ჩართვაც იგეგმება.
„დღეს, ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს“, – დასძინა მან.
ლალი ცერცვაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირება თავიდანვე მოხდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, მშობლებსა და ბავშვს შორის ემოციური კავშირის არსებობის მნიშვნელობასაც.
„თუ მშობლებსა და შვილს შორის არ არსებობს ემოციური კავშირი, მაშინ მშობელი ვერასდროს ვერ გაიგებს, რა აწუხებს ბავშვს, თუკი ამ უკანასკნელის ქცევა არ არის შემაწუხებელი. მშობლებისა და შვილს შორის ემოციური კავშირის არსებობის შემთხვევაში კი ადვილად ხდება პრობლემის იდენტიფიცირება.
ჩვენ შეგვიძლია კონსულტაცია გავუწიოთ, როგორც ბავშვებს ასევე, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს და თუ საჭიროა, ვერთვებით სკოლაში, ვნახულობთ პედაგოგებს და რა დონეზეც საჭიროა ჩვენი ჩარევა, იმ სიღრმეზე მივყვებით“, – აღნიშნა „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
რას მოიცავს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები
„დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა ალტერნატიული ზრუნვის ფორმები: მინდობით აღზრდა , რეინტეგრაცია და მცირე საოჯახო ტიპის სახლები.
როგორც ლალი ცერცვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განმარტა, რეინტეგრაცია ბავშვის ოჯახურ გარემოში დაბრუნებას ნიშნავს. კერძოდ, რეინტეგრაციის შემთხვევაში, ხდება ოჯახის სოციალური ფუნქციონირების ამაღლება, მისი გაძლიერება და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება.
„ოჯახის გაძლიერება ხდება მატერიალურად და ფსიქოემოციურად, მასთან მუშაობენ სპეციალისტები და ოჯახი იბრუნებს სახლში თავის შვილს, რომელიც მანამდე ბავშვთა სახლში ცხოვრობდა“, – აღნიშნა მან.
თუკი ვერ მოხერხდა ოჯახის გაძლიერება ან ბავშვს ოჯახი არ ჰყავს, ამ შემთხვევაში ბავშვი მიმღებ ოჯახში განთავსდება. მიმღები ოჯახის შერჩევა სახელმწიფო სერვისების მიერ ხორციელდება. მინდობით აღზრდა გულისხმობს, სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას.
თუ ვერ მოხერხდა ბავშვების ვერც რეინტეგრაციით ოჯახში დაბრუნება და ვერც მინდობით ოჯახში განთავსება, მაშინ ხდება ბავშვის მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსება.
როგორც „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, მათ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდას ისახავს მიზნად.
„თავიდან ორი სახლით დავიწყეთ და შემდგომ, გავიზარდეთ ამ მიმართულებითაც. მცირე საოჯახო ტიპის თითო სახლში 10 ბავშვია. ისინი კერძო ორსართულიან სახლებში ცხოვრობენ და აქვთ მათზე მორგებული, არაჩვეულებრივი გარემო. დადიან სკოლაში, იღებენ განათლებას. არაფორმალური განათლების სეგმენტშიც ჩართულები არიან“, – აღნიშნა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ლალი ცერცვაძემ და დასძინა, რომ მცირე საოჯახო სახლების მართვა ითვალისწინებს სოციალური მუშაკისა და აღმზრდელის ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვთან და მის ოჯახთან.
მისივე განცხადებით, მცირე საოჯახო ტიპის სახლის შემთხვევაში კოლექტივი არის 5 კაციანი, აქედან ოთხი აღმზრდელი და ერთი ჯგუფის ლიდერი. ისინი ზრუნავენ 10 ბავშვზე. რამდენიმე ბავშვთა სახლს ჰყავს ადმინისტრაცია და მხარდამჭერი სპეციალისტები (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვები საჭიროებისამებრ).
როგორია საოჯახო ტიპის სახლების სააღმზრდელო საქმიანობა
მცირე საოჯახო ტიპის სახლების სააღმზრდელო საქმიანობა გულისხმობს ოჯახის დახმარების სისტემის ახალ მიდგომას, რომელმაც ჩაანაცვლა მანამდე არსებული დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების სააღმზრდელო მეთოდი.
- მინიმუმ ოთხჯერადი კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
- ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
- ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;
- ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.);
- პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
- აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და ბავშვის თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;
- კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;
- საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას;
- პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;
- ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფას. სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;
- ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
- საქართველოს კურორტებზე, ზედიზედ არანაკლებ 12 დღის განმავლობაში, 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფას.
“ეს პატარები დეინსტიტუციონალიზმის პროგრამის ფარგლებში, დიდი ზომის ინსტიტუციიდან გადმოვიყვანეთ”
მცირე საოჯახო ტიპის სახლები ოჯახთან მიახლოებულ გარემოს ითვალისწინებს.
„დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრებ ან ჩასარიცხ 6-იდან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება.
ასევე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრებ 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) მოსწავლეებს.
ამასთან, როგორც ლალი ცერცვაძემ აღნიშნა, ორგანიზაციას აქვს ასევე, სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც მდებარეობს თბილისში. მისივე განმარტებით, აქ ცხოვრობენ მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე ბავშვები.
„ეს პატარები დეინსტიტუციონალიზმის პროგრამის ფარგლებში, გადმოვიყვანეთ დიდი ზომის ინსტიტუციიდან. სახლში 7 ბავშვი ცხოვრობს. მათზე ზრუნავს 12 სპეციალისტი. მათ შორის არიან აღმზრდელები, ექთანი-აღმზრდელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი. ბავშვების უზრუნველყოფას თანამედროვე საცხოვრებელი პირობებით.ბავშვები ჩართული არიან აბილიტაცია -რეაბილიტაციის პროგრამაში, დადიან ადრეული განვითარების ცენტრში, სკოლაში, ბაღში. მათი დღის რეჟიმი ასევე მოიცავს ოთხჯერად კვებას, შემეცნებით განმავითარებელ მეცადინეობებს.
სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მუშაობის დრო განისაზღვრება 24 საათიანი სამუშაო განრიგის მიხედვით. ასაკობრივი მოთხოვნილებებიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაიწერება კონკრეტული ბენეფიციარის დღის რეჟიმი. ხდება ინდივიდუალურ გეგმებზე მუშაობა,ვთანამშრომლობთ აქტიურად მშობლებთან, სოციალურ მუშაკებთან“, – განაცხადა ლალი ცერცვაძემ.
მისივე თქმით სოციალური პედაგოგიკა ბავშვებს და მოზარდებს ქცევითი სირთულეების დარეგულირებაში რამდენიმე სპეციალისტის ჩართულობით ეხმარება და გზას აჩვენებს მშობლებს, როგორ მიუდგნენ საკუთარ შვილებს, რომ გაუმარტივონ ასაკობრივი სირთულეების დაძლევა.
“მშობლებს ვთხოვ, მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინონ შვილებისადმი და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მართავენ ქცევას, დახმარებისთვის კვალიფიციურ სპეციალისტს მიმართონ“, – განაცხადა “დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი ცერცვაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.