რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მიშიკო რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ოთარ რამიშვილის სახელობის ახალ სკვერზე და მამის შემოქმედებაზე ისაუბრა.
მიშიკო, 29 ოქტომბერს გაიხსნა ბატონი ოთარის სახელობის ძალიან ლამაზი სკვერი. როგორც ვიცი, თვითონ უბანმა გააკეთა ეს ყველაფერი. მოგვიყევით ამ ღონისძიების შესახებ,
დიახ, საბურთალოზე ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა. გავაკეთეთ პატარა კონცერტიც, სადაც მამას სიმღერები გაჟღერდა და სადაც ძალიან კარგმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამ ყველაფრის თავი და თავი არის ლევან მშვილდაძე, ასე უანგაროდ გააკეთა მან ეს ყველაფერი და მაცხოვრებლებმაც, ყველამ მიიღეს მონაწილეობა. „თბილისის მერია“ განსაკუთრებულად დაგვიდგა გვერდით, მოგვცეს აპარატურა კონცერტისთვის და ა.შ.
ბევრჯერ გითქვამთ, რომ ბატონი ოთარის ისეთი არქივი გაქვთ, რომელიც ჯერ არ გაშუქებულა. სამომავლოდ, ხომ არ გეგმავთ, რომელიმე ნამუშევრის გამოშვებას?
აუცილებლად, მე და ლიზამ, ჩემმა გოგომ გადავწყვიტეთ, რომ ოთარის ის ძველი სიმღერები, რომლებიც ბევრი არ იციან, ბევრი არ ახსოვთ და ასევე გარდაცვალებამდე დაწერილი სიმღერები გავაცნოთ საზოგადოებას. იქნება ახალი და ძველი ვერსიები, ოთარის შესრულებითაც იქნება და ლიზაც თავისებურ, პატარა ინტერპრეტაციას მისცემს.