საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM მონაწილეობს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 43-ე წელია იმართება. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს.
გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ B2B შეხვედრების ფორმატში ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნონ ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები.
გამოფენას 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. WTM-ზე 5000-მდე კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას 3 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.
ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10 ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი.