LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანტიკული კომედია „შვებულება“, რომელიც საშობაო ფილმების ათეულის ლიდერია – საინტერესო ფაქტები

4562
the-holiday

რომანტიკული კომედია „შვებულება“, რომელიც საშობაო ფილმების ათეულის ლიდერი და დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარი ატრიბუტია, პირველ რიგში ბრწყინვალე დეკორაციების, დახვეწილი იუმორისა და არაჩვეულებრივი საუნდთრეკის წყალობით ქმნის მყუდრო გარემოსა და სადღესასწაულო განწყობას.

 

 მოკლე სიუჟეტი 

წარმატებულ სარეკლამო აგენტს, ამერიკელ ამანდა ვუდს საოცრად არ უმართლებს პირად ცხოვრებაში, იმავეს განიცდის გაზეთ Daily Telegraph-ის ბრიტანელი ჟურნალისტი, კოლეგაზე უიმედოდ შეყვარებული აირის სიმპკინიც, რომელიც საშობაო დღესაწაულების წინ გებულობს საყვარელი მამაკაცი სხვა ქალზე დანიშვნის ამბავს. სიყვარულით იმედგაცრუებული ქალბატონები სახლების გაცვლის მეტად ორიგინალურ  საიტზე ეცნობიან ერთმანეთს და დაუფიქრებლად ებმებიან ავანტიურულ თავგადასავალში, რადგან ჯერ სახლებს ცვლიან, მერე სპონტანურად აწყობენ ორკვირიან შვებულებას. ამანდა ინგლისში მიემგზავრება და აირისის მყუდრო სახლში ბინავდება, აირისი კი პირიქით, ლოს-ანჯელესში, ამანდას მდიდრულ ვილაზე იწყობს არდადეგებს და როგორც ყველა კეთილ ზღაპარებში, მათი ოცნებებიც სწორედ შობის ჯადოსნურ ღამეს სრულდება.

 

 მსახიობები და პერსონაჟები

ნენსი მეირსმა, რომელმაც ფილმის რეჟისორობასა და პროდიუსერობასთან ერთად სცენარის დაწერაც საკუთარ თავზე აიღო, სწორედ კამერონ დიასის და ქეით უინსლეტის ხასიათის გათვალისწინებით შექმნა მთავარი პერსონაჟები და მათვე მოარგო პარტნიორი მამაკაცები, რითაც ძალიან გააკვირვა ბოევიკების ვარსკვლავი ჯეკ ბლეკი, „ძალიან გამიხარდა, თუმცა ცოტა შევშინდი, რადგან საერთოდ არ მქონდა რომანტიკულ ფილმებში მონაწილეობის გამოცდილება, არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა ახალი ამპლუას მორგებას და მხოლოდ ნენსიმ დამარწმუნა, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების“, – აღნიშნა ბლეკმა, რომელმაც ბრწყინვალე დუეტი შექმნა ქეით უინსლეტთან.

საოცრად მომქანცველი აღმოჩნდა ფილმში მონაწილეობა კამერონ დიასისთვის, „ახლა მარათონსაც თავისუფლად გავირბენ და დარწმუნებული ვარ ისე არ დავიღლები, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით წინდაუკან თოვლში სირბილით”, – ხუმრობით აღნიშნა მსახიობმა, რომელიც აღფრთოვანა კოლეგების, პირველ რიგში ჯუდ ლოუს არტისტიზმმა, “ძალიან უშუალო და ხალისიანი ადამიანი, არაჩვეულებრივი მსახიობი და შესანიშნავი მეგობარია, ამიტომ არ მიკვირს, როცა მთელი ბრიტანეთი მასზე გიჟდება”, – არ დაიშურა ქათინაური კოლეგის მიმართ, რომელმაც საპასუხო კომპლიმენტი დაუბრუნა და აღიარა, რომ სწორედ მასთან პარტნიორობის სურვილით დათანხმდა ფილმში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ მსახიობებთან მუშაობისას, მაიერსი მხოლოდ პერსონაჟების მოკლე დახასიათებით შემოიფარგლა, დანარჩენი კი, მათ მიანდო და არც შეცდა, რადგან სწორედ იმპროვიზირებულმა სცენებმა და დიალოგებმა შესძინეს ფილმს მეტი გულწრფელობა და ბუნებრივობა.

 

 ეპიზოდური როლები

ახალგაზრდა კოლეგების ენთუზიაზმი გაიზიარა ვეტერანმა მსახიობმა, 90 წლის ილაი უოლაკმაც, რომელიც ისე მონდომებით შეუდგა მუშაობას, რეჟისორს შეხსენებაც კი მოუხდა, რომ არა ახალგაზრდას, არამედ უსუსურ მოხუცს განასახიერებდა. მოულოდნელ სიურპრიზად იქცა დასტინ ჰოფმანის ფილმში გამოჩენა, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ვიდეოფილმების მაღაზიაში და მხოლოდ ნენსი მეიერსთან მეგობრობის ხათრით დათანხმდა ეპიზოდური როლის შესრულებას.

 

 ლოკაციები

ფილმის გადაღება ლოს-ანჯელესში დაიწყო და სურეის საგრაფოში გაგრძელდა ბუნებრივი და ხელოვნური დეკორაციების ფონზე. ამანდა ვუდსი რეჟისორმა ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის უოლეს ნეფის 1928 წელს აშენებულ მდიდრულ ვილაზე დააბინავა და მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ინტერიერის მოწყობაზე, აირის სიმპკინის მოკრძალებული, თუმცა საოცრად მყუდრო სახლის დეკორაცია კი, ორ კვირაში შეიქმნეს ფილმის მხატვრებმა და  ინტერიერის გაფორმებაზეც მინიმალური თანხა დახარჯეს.

 

საუნდთრეკი

„შვებულების“ წარმატება გარკვეულწილად მისმა საუნდთრეკმაც განსაზღვრა, რომელიც მეიერსმა საკუთარი გემოვნებით შექმნა ენიო მორიკონეს, ჰანს ციმერის და ჰერბი ალპერტომის ცნობილ კომპოზიციების, არეტა ფრანკლინის, ელა ფიცჯერალდის და კაილი მინოუგის ჰიტების გაერთიანებით. სხვათა შორის, მეიერსი გადასაღებ მოედანზეც ყოველთვის მუსიკის თანხლებით მუშაობს და იმ კომპოზიციებით ცდილობს მსახიობებისთვის შესაბამის განწყობის შექმნას, რომელთაც მოგვიანებით ფილმში იყენებს.

 

 წარმატება

„შვებულებამ“, რომლის ბიუჯეტმა 85 მილიონი დოლარი შეადგინა, მთელი 205 მილიონი მოაგროვა გაქირავებაში და 2007 წელს Teen Choice-ის პრიზიც დაიმსახურა, ირლანდიური კინოაკადემიის ჯილდოთი აღნიშნა ქეით უინსლეტის თამაში, დიასისა და ლოუს დუეტმა კი, MTV-ის პრემია მოიპოვა საუკეთესო კოცნის ნომინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g