უკრაინაში მიმდინარე ომის 261-ე დღეს, რუსეთი კვლავ ავიაიერიშებს ახორციელებს.
გვიან ღამით რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
ნიკოლაევის მერის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია ორი ადამიანი.
„რუსებმა ნიკოლაევში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დილის 9:34 საათზე დაარტყეს.
სრულად დანგრეულია კორპუსი. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი უკრაინელი მებრძოლების ფრონტზე წარმატებებზე.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთი არ ტოვებს თავის საზიზღარ ტაქტიკას. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს ბრძოლას. ოკუპანტები ყველა ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლები იქნებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პარალელურად, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ვინიცას ოლქზეც.
როგორც ვინიცას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერხი ბორზოვი აცხადებს, თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში